დავით საგანელიძე

დავით საგანელიძე "თავისუფალ დემოკრატებს" რაიონული ორგანიზაციებიდან გარკვეული პირების გარიცხვას სთხოვს

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნების" წარმომადგენელი დავით საგანელიძე "თავისუფალ დემოკრატებს" რაიონული ორგანიზაციებიდან რიგი წარმომადგენლების გარიცხვის მოთხოვნით მიმართავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აცხადებს, რომ "სხვა დასკვნებს გამოიტანს". ამის შესახებ საგანელიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.
საქმე სხვადასხვა რაიონებში, "ქართული ოცნების" პარტიული ორგანიზაციების დაფუძნებისას მომხდარ ინციდენტებსა და ჩაშლილ კონფერენციებს ეხება, სადაც დავით საგანელიძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები და მათთან ერთად, "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები "ამოიცნო".
"მაგალითად, გუშინწინ ჩვენ აბაშაში ჩავატარეთ რაიონული კონფერენცია, რომელსაც პარტიის 81 წევრი ესწრებოდა. ჩვენი წარდგინებითა და პარტიის 79 წარმომადგენლის მხარდაჭერით, ადგილობრივი პარტიული ორგანიზაციის თავმჯდომარედ გიორგი გვილავა აირჩიეს. ამის შემდეგ 20 კაცის მხრიდან ატყდა ერთი ამბავი, თუ რატომ ავირჩიეთ გვილავა, რომელსაც თითქოს რაიონის წინაშე დამსახურება არ აქვს და არჩევნებისას არ უბრძოლია. ეს კონკრეტული ფაქტი თქვენ შეგიძლიათ განაზოგადოთ, რადგან იგივე ხდება ხონში, ადიგენში, წყალტუბოში, ასპინძასა და სხვა რაიონებში. დღეს ეს 20 კაცი ამ თემაზე ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტთან შეიკრიბა და ვასახელებ მათ გვარებს: ვაჟა ლიპარტია, დავით რუსია, როლანდ შონია, ინგა ჩაგანავა, თორნიკე ქარცივაძე, ნუნუა და ასე შემდეგ. ლიპარტია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო, "თავისუფალი დემოკრატების" აბაშის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა, დავით რუსია - აბაშის რაიონის "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარის მოადგილე, შონია როლანდი "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის იურისტი, ჩაგანავა ინგა – ადამიანი, რომელიც იყო "ლეიბორისტული პარტიის" წევრი. ჩვენ ასევე ამოვიღეთ სურათები და ვნახეთ, რომ ამ პროცესებში მონაწილეობდნენ ადამიანები, რომლებიც არჩევნების დროს "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები იყვნენ. შესაძლოა ეს ხალხი თავად "თავისუფალ დემოკრატებშიც" ჩანერგილია. ამიტომ მე მივმართავ მათ, გარიცხონ ისინი პარტიიდან, ხოლო თუ არ იქნებიან გაგდებულები, ჩავთვლი, რომ ამას პარტია აკეთებს! რას ნიშნავს, როცა "თავისუფალი დემოკრატების" რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე სხვა ორგანიზაციის კონფერენციაზე შუშებს ამტვრევს, კარს კეტავს და ორგანიზაციის წევრებს შესვლის საშუალებას არ აძლევს?! ახლა გეტყვით რა მოხდა ხონის რაიონში, აქ ჩვენმა მაჟორიტარობის კანდიდატმა არჩევნები ისეთი ციფრებით წააგო, რომელსაც არ ველოდით. მივიღეთ ინფორმაცია, რომ ჩვენი კანდიდატი სანოძე ყოველ საღამოს ინფორმაციას აკაკი ბობოხიძეს აბარებდა. იგივე სანოძე ივანიშვილის დაცვის წევრის, სურმავას ცოლის დის ქმარი აღმოჩნდა. როცა ჩვენ ბევრი რამ გავარკვიეთ, თუ რატომ წავაგეთ ზოგიერთი მაჟორიტარული ოლქი, სად გაგვყიდეს, სად იყო შემოგზავნილი ხალხი, "ნასედკები", ვუთხარით, რომ შენ პარტიაში აღარ იქნები და შეგცვლის ვინმე სხვა, მათ კი ჩართეს ყველა მექანიზმი. ხონში 200 კაცი სოფლებიდან მოკროავტობუსებით ჩამოიყვანეს, რომლებიც ამბობდნენ, რომ "არ მისცემენ დავით საგანელიძეს უფლებას, მზითევში წაიღოს ხონი". როცა მათი სურათებიც ამოვიღეთ, ვნახეთ, რომ ისინი "ნაციონალური მოძრაობის" მთელი პარტაქტივი იყო", – აღნიშნა საგანელიძემ. 
თავის მხრივ საგანელიძე ერთმნიშველოვნად განმარტავს, რომ რაიონული ორგანიზაციების დაფუძნებისა და თავმჯდომარეების წარდგენის პროცესში თავად ჩართულია მხოლოდ როგორც ყრილობის მოსამზადებელი ჯგუფის ხელმძღვანელი. 
"პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციების დამფუძნებელი კონფერენციები 73-ვე რაიონში დაიგეგმა. კონფერენციებზე თავმჯდომარეებს ჩვენი წარდგინებით რაიონის პარტიის წარმომადგენლები ირჩევენ. თუ მათ წარდგენილი კანდიდატურა არ მოსწონთ, შეუძლიათ თქვან უარი და სხვას წარვადგენთ. კონფერენცია 51 რაიონში უკვე ჩატარდა და ყველა რაიონში პარტიის ხელმძღვანელად ის კანდიდატურა წარვადგინეთ, რომელიც სამუშაო ჯგუფსა და პოლიტსაბჭოზე შეთანხმდა", – განმარტავს დავით საგანელიძე.