ბიძინა ივანიშვილი - შევთანხდით, რომ პრეზიდენტს აქვს არანორმალურად გადაჭარბებული უფლებები

ბიძინა ივანიშვილი - შევთანხდით, რომ პრეზიდენტს აქვს არანორმალურად გადაჭარბებული უფლებები

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ყოველთვის მოვახდენთ შეთანხმებას ვენეციის კომისიასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე ფართო დისკუსიები გაიმართება.

"ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა. ბევრი ვისაუბრეთ კონსტიტუციაში შესატანი იმ ცვლილებების შესახებ, რომელიც აუცილებელია რომ გატარდეს. მე დავარწმუნე ბატონი პრეზიდენტი, რომ აუცილებლად ფართო დისკუსიებს გავმართავთ ყველა საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით და ყოველთვის მოვახდენთ შეთანხმებას ვენეციის კომისიასთან", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე განმარტებით, ვენეციის კომისიის ხელმძღვანელი დაეთანხმა მას, რომ საქართველოს პრეზიდენტს გააჩნია გადაჭარბებული უფლებები და საჭიროა ამ უფლებების ლიმიტირება.

"შევთანხდით, რომ პრეზიდენტს აქვს არანორმალურად გადაჭარბებული უფლებები და მისი დაბალანსება აუცილებელია. ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ამ ცვლილებებს მიესალმება და აფიქსირებს, რომ გასაგები და მისაღებია ეს ყველაფერი", - აღნიშნა პრემიერმა.