მიხეილ სააკაშვილი – საგარეო კურსი ის საკითხია, რომელზეც უმრავლესობას საჭირო ხმების მოგროვება არ გაუჭირდება

მიხეილ სააკაშვილი – საგარეო კურსი ის საკითხია, რომელზეც უმრავლესობას საჭირო ხმების მოგროვება არ გაუჭირდება

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთებას პრინციპული მნიშვნელობა აქვს.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ის საკითხია, რომელთან მიმართებაშიც უმრავლესობას კონსტიტუციური ცვლილებებისთვის საჭირო ხმების რაოდენობის შეგროვება არ გაუჭირდება.

"ეს ის ცვლილებებია, რომელსაც ამჯერად ნამდვილად ეყოფა ხმები, რაც არ ჰყოფნის ხოლმე სხვა ცვლილებებს. საქართველოს კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ საქართველო არ შევა არც ერთ პოსტსაბჭოთა გაერთიანებაში. რატომ შეიქმნა ამ ცვლილებების აუცილებლობა სწორედ დღეს? იმიტომ, რომ 2008 წელს, როცა ქართველმა ხალხმა საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია პლებისციტით გამოხატა, ჩვენი კურსი სრულიად ნათელი იყო და ამის დაფიქსირების აუცილებლობა მანამდე არ იყო. მაგრამ მას შემდეგ მოხდა თავდასხმა საქართველოზე და აგვისტოს 2008 წლის ომი, რის შემდეგაც რუსეთის ფედერაციამ პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან მიმართებაში ახალი კურსი გამოაცხადა. მას შემდეგ მოხდა საქართველოში მთავრობის შეცვლა და გაკეთდა განცხადება, რომ უნდა მოხდეს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის არმენიზაცია. კერძოდ, სომხეთში ვიზიტისას ითქვა, რომ თანაბარი დისტანცია უნდა დავიჭიროთ როგორც დასავლეთისგან, ისე რუსეთისგანაც, რაც აქამდე საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არ იყო. ამ სიტუაციაში საქართველოს კონსტიტუციაში ისეთი ცვლილების შეტანა, რომელსაც ვერ შეცვლის ვერც ერთი პარლამენტი, არის ძალიან პრინციპული მომენტი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, მან ერევანი-თბილისი-სოხუმის რკინიგზის შესაძლო აღდგენის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებაში ეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

"დღეს ერევანში გაკეთდა განცხადება, რომ უკვე ტექნიკურ დეტალებს გავდივართ აფხაზეთის რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებით. აფხაზეთის რკინიგზის გახსნა იქნება არა მხოლოდ ლეგალიზაცია რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციის, არამედ ამით პირდაპირ პლაცდარმს მივცემთ რუსეთს კავკასიის დაპყრობისთვის. ეს დღევანდელ ვითარებაში პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.