მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელი სამსახურში არ გამოდის

მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელი სამსახურში არ გამოდის

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი, რომელიც ტელეკომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სექტორში ერთ-ერთ ყველაზე საკვანძო ინსტიტუტს ხელმძღვანელობს, 2012 წლის 6 ნოემბრის შემდეგ არ გამოცხადებულა სამსახურში. გავრცელებული ინფორმაციით ჩიქოვანი სამთვიან შვებულებაშია და სამსახურს 15 თებერვალს დაუბრუნდება.

ირაკლი ჩიქოვანი, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დირექტორი და მეწილე იყო, მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარედ 2009 წელს დაინიშნა. ჩიქოვანი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფიგურაა საქართველოში. მისი ყოველთვიური ხელფასი 18 ათას ლარს შეადგენს, რაც საგრძნობლად აღემატება საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის ნებისმიერი წევრის ხელფასის ოდენობას. ამას ემატება 2011 წელს კერძო სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული 1,413,922 ლარი.

„ირაკლი ჩიქოვანის არყოფნა ცალსახად უარყოფითად აისახება მარეგულირებელი ორგანოს გამართულ ფუნქციონირებასა და გადაწყვეტილებების მიღების შეუფერხებელ პროცესზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უწყება რამდენიმე გადამწყვეტ პროცესშია ჩართული. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლაა“ - აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ კომისიის წევრებს მაღალი ხარისხის იმუნიტეტსა და დამოუკიდებლობას ანიჭებს, რაც მიზნად ორგანიზაციის გარე პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლებას ისახავს.

„მაგალითად, რთულია კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის აღძვრა. ამისთვის პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედია საჭირო. ამ პროცედურის დაწყება შესაძლებელია ინტერესთა კონფლიქტის არსებობის ან ზედიზედ 2 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით კომისიის წევრის უფლებამოსილების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

კომისიის წევრის გათავისუფლების პროცედურის აღძვრის შემთხვევაში, ინიციატორმა პარლამენტის წევრებმა დოკუმენტური მტკიცებულებებით უნდა დაასაბუთონ კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების კონკრეტული საფუძველი. პროცედურის დაწყებიდან 30 დღის ვადაში პარლამენტმა კომისიის წევრის გათავისუფლების საკითხი პლენარული სხდომის დღის წესრიგში უნდა შეიტანოს, რასაც შემდგომ მორიგი 30 დღიანი ვადა მოჰყვება, რომლის განმავლობაშიც პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს. ამისთვის პარლამენტის  სიითი შემადგენლობის სამ მეხუთედზე მეტის თანხმობაა საჭირო. დღეისათვის საკანონმდებლო ორგანოში სიითი შემადგენლობის 147 პარლამენტარია (არჩეული 150 დეპუტატიდან სამი მთავრობის წევრი გახდა, ამიტომაც მათი ადგილები ვაკანტურია). შესაბამისად, კომისიის წევრის თანამდებობიდან გასათავისუფლებად პარლამენტს 83 ხმა დასჭირდება. თუ პარლამენტი საჭირო ხმათა უმრავლესობას ვერ მოაგროვებს, საკითხი დაიხურება. პარლამენტს არ შეუძლია კომისიის წევრის გათავისუფლებას იმავე ბრალდებების საფუძველზე ხელმეორედ უყაროს კენჭი. პრეზიდენტს წევრის მოხნის შესახებ ბრძანების გამოქვეყნება მხოლოდ პარლამენტის თანხმობისა და, გასაჩივრების შემთხვევაში, სასამართლო დავის დასრულების შემდეგ შეუძლია“ - აღნიშნავენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლები.

მათი თქმით, რთულია იმის დაზუსტებით თქმა, რომ ბატონი ჩიქოვანი კანონმდებლობის დარღვევით მოქმედებს: „მან შვებულება კანონის შესაბამისად აიღო, რაც, თავისთავად, შეიძლება ჩაითვალოს საპატიო მიზეზად. თუმცა მიუხედავად ამისა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ხელმძღვანელმა პირმა კანონი რომელიმე უწყების საზიანოდ არ უნდა გამოიყენოს. მას ხელმძღვანელისთვის აუცილებელი პასუხისმგებლობის გამოჩენა ევალება, მითუმეტეს, რომ არჩევნების შემდეგ ძალიან ბერი ინიციატივა გაჟღერდა, რომელშიც კომისიის მაქსიმალური ჩართულობაა საჭირო“. 

„მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია მაღალპროფესიული და კვალიფიციური კადრებითაა დაკომპლექტებული და გასულ წელს ჰქონდა მცდელობა საქმიანობა გაცილებით გამჭვირვალე გაეხადა, ორგანიზაციის ხელმძღვანელთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები მაინც არსებობს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” და სხვა არასამათავრობო  ორგანიზაციები ადრეც საუბრობდნენ ირაკლი ჩიქოვანის სამეწარმეო საქმიანობით გამოწვეულ ინტერესთა კონფლიქტზე. ირაკლი ჩიქოვანის ბიზნეს პარტნიორია გიორგი გეგეშიძე, რომელიც “რუსთავი 2”-ის ყოფილი დირექტორი და ამჟამინდელი მეწილეა. გეგეშიძესთან ერთად ჩიქოვანი სარეკლამო კომპანია “მაგი სტილ მედიასაც” ფლობს, რომელიც მომხმარებლებს სხვა მომსახურებებთან ერთად, გარე და სატელევიზიო რეკლამასა და სამაუწყებლო დიზაინს სთავაზობს. სამშენებლო კომპანია “მაგი სტილი” კი, რომელსაც ასევე გეგეშიძე და ჩიქოვანი ფლობენ, ქუთაისში პარლამენტის შენობის პროექტში იყო ჩართული. პროექტი, ცნობისათვის, წინასწარ გათვალისწინებულზე ორჯერ ძვირი დაჯდა. გარდა ამისა, ირაკლი ჩიქოვანისა და “კავკასუს ონლაინის” წარმომადგენლის საუბრის ფარული ჩანაწერი, რომელიც ტელეკომპანია “მაესტრომ” გასული წლის ნოემბერში გამოაქვეყნა, ნათლად მიუთითებს რეგულაციების აღსრულებისას კომისიის შერჩევით დამოკიდებულებაზე.

ვფიქრობთ, რომ მიზანშეწონილი იქნება თუ საქართველოს პარლამენტი ბატონი ჩიქოვანის საკითხით დაინტერესდება. მნიშვნელოვანია გავიგოთ კვლავ აქვს თუ არა მას აღნიშნული უწყების უხელმძღვანელობის სურვილი ან რითი არის განპირობებული მისი ამდენი ხნით სამსახურეობრივი მოვალეობების შეუსრულებლობა“ - აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.