"ევროპული ინიციატივა" პროექტის პრეზენტაციას მართავს

ფონდი "ევროპული ინიციატივა – ლიბერალური აკადემია თბილისი" კვლევითი პროექტის - "ტრანსფორმაცია საქართველოში – მნიშვნელოვანი შედეგები" დასკვნით პრეზენტაციას მართავს.

ღონისძიება სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" იმართება. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მონაწილე მხარეებს შორის დისკუსია გაიმართება, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების ძირითად მიმართულებებს და გამოწვევებს შეეხება.

პრეზენტაციაზე "ევროპული ინიციატივა" პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შემაჯამებელ ვერსიას წარადგენს, რომელიც ეკონომიკური ტრანსფორმაციის, სოფლის მეურნეობის განვითარების და სხვადასხვა ქვეყნების განვითარების მოდელების საქართველოსთან მიმართების საკითხებს მოიცავს.

შეხვედრაზე მოხსენებებით წარდგებიან ბიზნესისა და სახელმწიფოს ურთიერთმიმართების, სასამართლო რეფორმის, მედიის თავისუფლების, ქვეყნის პოლიტიკური განვითარებისა და თვითმმართველობის საკითხებზე.

დისკუსიის მოდერატორია გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში. მომხსენებლის სტატუსით კი პრეზენტაციაში მონაწილეობენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, ასევე ეკონომიკის ექსპერტები გია ხუხაშვილი და მიხეილ თოქმაზიშვილი, ასევე თვითმმართველობის ექსპერტი დავით ლოსაბერიძე და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წარმომადგენელი თამარ კორძაია.