მძღოლები გიგი უგულავას პასუხობენ

მძღოლები გიგი უგულავას პასუხობენ

მიკროავტობუსების მძღოლები დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას გუშინდელ სატელევიზიო გამოსვლას განცხადებით ეხმაურებიან.  

აღნიშნული განცხადება მძღოლებმა “ნტერპრესნიუსს” გააცნეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"გიგი უგულავა! გუშინდელი თქვენი გამოსვლისას ცრემლი არ შეგვშრობია თვალზე, ვფიქრობდით, თუ როგორ ზრუნავთ და გული შეგტკივათ თბილისელებზე, გიყურებდით და ჩვენი ტელევიზორები გათეთრდა თქვენს ზურგზე ამოსული ფრთებით. უკაცრავად, მაგრამ თქვენ ის მერი არ ხართ, სოციალურად დაუცველ თბილისელებს რომ წაართვით მიკროავტობუსებში შეღავათიანი კომფორტული მგზავრობის საშუალება? ზუსტად აქედან დაიწყო ყველაფერი, ეს მგზავრები ავტობუსში და მეტროში გადავიდნენ სამგზავროდ და ჩვენც შეგვიმცირდა მგზავრთა რაოდენობა, რის გამოც ყოველდღიურ შესატან გეგმას ვეღარ ვასრულებდით და რომ მოვითხოვეთ გეგმის დაკლება, არ გინდათ და წადითო. იძახით, პოლიტიკური ელფერი მისცეს მძროლებმაო, 5 დღე არც კი მოგივიდათ აზრად, რომ გეკითხათ მძღოლებისთვის, რა გაგჭირვებიათო, თუ ჩვენ თბილისელები არ ვართ? აქ პოლიტიკური არაფერია, ეს თბილისელი მძღოლების ტკივილია და როცა ჩვენ ტკივილზე და პრობლემებზე თქვენ ყურიც არ შეიბერტყეთ, არც ჩვენ გვინდა უყურადღებო მერი გვყავდეს თბილისელებს და თბილისელ მძღოლებს. მძღოლები - ჩვენ ის კატეგორია ვართ, რომლებიც თბილისელებს სახლებში ვარიგებთ და შემდეგ ჩვენ თვითონ ქუჩაში ვრჩებით. ამაზე თუ გიფიქრიათ? მე-5 დღეს კი გაბუტული ბავშვივით სახით აცხადებთ, მძღოლების ბრალია შეთანხმებას რომ ვერ მიაღწიესო და მაგათ გამო თბილისელები წუხდებიან 5 დღეაო. ეს 5 დღე რატომ არ ზრუნავდით ამ პრობლემის მოგვარებაზე? იმიტომ რომ ბოლო დღეს გაჩნდა მოთხოვნა, რომ გადამდგარიყავით და ალბათ, ამან გამოგაფხიზლათ, ან თქვენ ფიქრობდით - ფული გაუთავდებათ და ხვეწნას დაგვიწყებენო", - აღნიშნულია განცხადებაში.