გიგი უგულავა:

გიგი უგულავა: "თბილისი, შეიძლება, სანიტარული კოლაფსის წინაშე აღმოჩნდეს"

თბილისის მერს გიგი უგულავას აინტერესებს, პოლიცია კახეთში აქციის მონაწილეებს თუ შლის, ნარჩენების მიმღები პოლიგონის პარალიზების გამო, რატომ არაფერს აკეთებს.

ამის შესახებ უგულავამ გუშინ, "კურიერის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

"უკვე მერამდენე დღეა, თბილისის ერთადერთი ნარჩენების მიმღები პოლიგონი, რომელიც 2010 წელს გაიხსნა და სრულად აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს, პარალიზებულია. შესასვლელში დადგმულია რამდენიმე კარავი. ესეც ორკესტრირდება საკრებულოს "ოცნების" წევრი ქალბატონის მიერ და პრაქტიკულად, მილიონნახევრიანი ქალაქი მძველად არის აყვანილი ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ჩვენ რის ვაი-ვაგლახით ვაგრძელებთ ამ სისტემის უზრუნველყოფას, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, სატრანსპორტო კოლაფსის პარალელურად, ჩვენ შეიძლება მივიღოთ სანიტარული პრობლემები და ის საგიჟეთი, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებში ხდება, გადმოედოს თბილისს. მე მინდა, მივმართო შსს-ს... კახელები, რომლებიც გამოვიდნენ ამ მთავრობის წინააღმდეგ და ითხოვენ სამართლიან კომპენსაციას, პოლიციამ ძალით დაშალა. მაშასადამე, თუ ეს ხალხი გამოდის ივანიშვილის წინააღმდეგ, ე.ი. პოლიცია თავის კანონიერ უფლებამოსილებას ახორციელებს და გზას ხსნის და ქალაქი, რომ შეიძლება, სანიტარული კოლაფსის წინაშე აღმოჩნდეს, პოლიცია თითს თითზე არ ანძრევს და არაფერს აკეთებს. ეს ნიშნავს სელექციურ სამართლიანობას, შეგნებულ საბოტაჟს თუ იმას, რომ ის ქაოსი, რაც დანარჩენ ქვეყანაშია, თბილისსაც უნდა გადმოედოს?! მე მინდა, მივმართო პრემიერ-მინისტრს, მთავრობას, მათ შეიძლება, აქვთ პოლიტიკური გეგმები, რათა მებრძოლონ მე, მაგრამ თავი დაანებონ თბილისელებს და იმ სერვისებით მანიპულირებას, რომელიც აუცილებელია, რომ ქალაქმა ნორმალურად იარსებოს", - განაცხადა უგულავამ და ზემოაღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად ცენტრალურ მთავრობასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.