სააკაშვილი – სანამ ქუთაისის რჩეულს სძინავს, ადგილობრივმა საზოგადოებამ უნდა გაიღვიძოს

სააკაშვილი – სანამ ქუთაისის რჩეულს სძინავს, ადგილობრივმა საზოგადოებამ უნდა გაიღვიძოს

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პარლამენტის ქუთაისში გადატანით მისმა ხელისუფლებამ "პოლიტიკა ერთ ქუჩას მოგლიჯა". "ქუთაისში პარლამენტი არის ბევრად დიდი იდეა, ვიდრე უბრალოდ ქუთაისის პარლამენტი. ესაა იდეა იმისა, რომ საქართველოში პოლიტიკა ეკუთვნის ხალხს და არა ერთ ქუჩაზე მცხოვრებ ერთ მუჭა ადამიანებს. ჩვენ მოვტაცეთ ეს პოლიტიკა ამ ერთ ქუჩას და დავუბრუნეთ ქართველ ხალხს. სად არის გეოგრაფიული ცენტრი? რა თქმა უნდა ქუთაისში. ქუთაისი არის შემკვრელი ქართული ტრადიციების. ქუთაისში პარლამენტი ესაა საქართველოს პოლიტიკური განვითარების დასაწყისი, მათ კი უნდათ, რომ ეს მოსპონ, ისევ დაამიწონ და ფეხი მოგვტეხონ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ რეზიდენციაში ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებთან, პროფესორ-მასწავლებლებსა და ადგილობრივი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
ამასთან, სააკაშვილმა ქუთაისელ სტუმრებს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, მძინარე გუბაზ სანიკიძის სურათიც წარუდგინა და აღნიშნა, რომ ქუთაისის რჩეულს სძინავს, თუმცა, ადგილობრივმა საზოგადოებამ უნდა გაიღვიძოს.
"დღეს ქუთაისისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საჭირბოროტო საკითხები წყდება. მინდა წარმოგიდგინოთ ქუთაისის რჩეულის სურათი - სანამ ამ ქალაქის არჩეულ მაჟორიტარ დეპუტატს სძინავს, მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის საზოგადოებამ გამოიღვიძოს, რათა ქუთაისს არ წაართვან პარლამენტი და ჩვენ ყველას არ წაგვართვან იდეა საქართველოს გაძლიერების, ფეხზე დაყენების", - აღნიშნა პრეზიდენტმა.