ირაკლი ალასანია – დიალოგზე უარის თქმა რუსეთის ფედერაციის არმიასთან სამხედრო ესკალაციის საფრთხეს ზრდის

ირაკლი ალასანია – დიალოგზე უარის თქმა რუსეთის ფედერაციის არმიასთან სამხედრო ესკალაციის საფრთხეს ზრდის

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობების მომხრეა და აცხადებს, რომ მასთან საუბარზე უარის თქმა რუსეთის ფედერაციის არმიასთან სამხედრო ესკალაციის საფრთხეს ზრდის.
"მე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვარ და ჩემი ქვეყნის 20 % რუსეთს აქვს ოკუპირებული. რა თქმა უნდა, მე ძალიან კარგად ვიცი, რა ხდება რუსეთში, როგორ ვითარდება ქვეყანა, მაგრამ ჩემი აზრით, ჩვენ პრაგმატულები უნდა ვიყოთ. ჩვენ, ახალი მთავრობა, რომელიც სქართველოში სამართლიანი არჩევნების გზით მოვიდა, ვფიქრობთ, რომ მეტად პრაგმატული ურთიერთობა უნდა დავამყაროთ რუსეთთან. დიახ, ჩემი სამშობლოს ტერიტორიები ოკუპირებულია, ჩვენ გამალებით ვმუშაობთ, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს და გახდეს ნატო-ს წევრი, მაგრამ ამავდროულად, საქართველოს პრემიერ-მინსიტრი ბიძინა ივანიშვილი ძალღონეს არ იშურებს, რათა რუსეთთან ღირებული ურთიერთობა დაამყაროს. ჩვენ ახლა მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სავაჭრო ურთიერთობის აღდგენაზეც, რადგან გვინდა, რომ ჩვენს ბიზნეს ჰქონდეს განვითარების საშუალება რუსეთში. მას შემდეგ, რაც რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაერთიანდა, ჩვენ ვფიქრობთ, ჩვენი ბიზნესისთვის კარგი იქნება რუსეთში განვითარება. რა თქმა უნდა, ჩვენს შორის ძალიან რთული ურთიერობაა და რუსეთში არღვევენ ადამიანის უფლებებს. ისიც გავიხსენოთ, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლსაც რუსეთი თავს დაესხა, მისი სუვერენული ნაწილი აქვს ოკუპირებული და ეს ძალიან სენსიტიური საკითხია", - აცხადებს ალასანია რადიოსადგურ "ბი-ბი-სისთან" ინტერვიუში და ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ აკონკრეტებს, რომ რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე უარის თქმას არ ნიშნავს. 
"რას ნიშნავს პრაგმატულობა? როგორც ვიცი, თქვენ აფხაზეთთან პერსონალური ტრაგედია გაკავშირებთ. თუ არ ვცდები, მამათქვენი იქ დაიღუპა", - მიმართავს აღნიშნული განცხადების შემდეგ რადიო სადგურის კორესპონდენტი ალასანიას შეკითხვით, რაზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრი პასუხობს, რომ პრაგმატულობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის იმის დანახვას გულისხმობს, რომ საქართველოს სურს ხელახლა წარმოაჩინოს საკუთარი თავი მათთან ურთიერთობაში.
"დიახ, მამაჩემი მებრძოლებმა მოკლეს აფხაზეთში, 1993 წელს. რაც შეეხება სიტყვა პრაგმატულს, ის პირველ რიგში, ნიშნავს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დავანახოთ, რომ საქართველოს სურს ხელახლა წარმოაჩინოს საკუთარი თავი მათთან ურთიერთობაში. უნდა გავაგებინოთ, რომ ევროპულ, დემოკრატიულ საზოგადოებაში ჩვენ ერთად უფრო უკეთესად ვიქნებით, ვიდრე რუსეთის ოკუპაციის ქვეშ. ამისთვის ჩვენ გვჭირდება სივრცე. დავამყაროთ რუსეთთან უფრო პრაგმატული ურთიერთობა, ნიშნავს ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას და სამხედრო რიტორიკის შემცირებას, რაც წინა ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილი იყო. დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ არ მივცემთ რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელების არავითარ საბაბს. ეს არის პრაგმატული პოზიცია. ამ ახალ მიდგომას დრო გამოცდის. მაგრამ ვფიქრობ, სხვა ალტერნატივა არ არსებობს. რადგან თუ არ ესაუბრები მათ, ზრდი ესკალაციის საფრთხეს რუსეთის ფედერაციის არმიასთან. როგორც თავდაცვის მინისტრს, არ მინდა, რომ რუსეთთან სამხედრო ესკალაციის საშიშროება არსებობდეს. მე მინდა მყავდეს არმია, რომელიც შეძლებს პრობლემის წინასწარ აღკვეთას და არა ის ჯარი, რომელიც პრობლემებს ძალის გამოყენებით გადაწყვეტს. ჩვენ ნათლად დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, ამ პრობლემების მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობაზე. გვინდა ეს პრობლემა მოლაპარაკებების გზით მოგვარდეს", - აღნიშნავს თავდაცვის მინისტრი.
რაც შეეხება უშუალოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, ალასანია მადლიერებას გამოთქვამს, რომ საზღვრების ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დგას და აცხადებს, რომ "ეს ერთადერთი შემაჩერებელი ფაქტორია, რომელიც ამ მომენტისთვის გაგვაჩნია". 
"ძალიან გვაღელვებს ის ფაქტი, რომ რუსები ევროკავშირის დამკვირვებლებს საზღვრის მეორე მხარეს არ უშვებენ მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის მანდატი გააჩნიათ. ასევე ვიმედოვნებთ, რომ დაძაბულობის შემცირებით, რუსეთსა და საქართველოს შორის რიტორიკის შეცვლით და რუსეთთან ვაჭრობის დაწყებით, ჩვენ შევძლებთ მათთან ურთიერთობის დაწყებას. მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქე რუსეთში ცხოვრობს. ჩემი აზრით, მომავალში უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დალაგების. ისტორიულად, ჩვენს ქვეყნებს კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა, ეს ყოველთვის იყო სიყვარულისა და სიძულვილის ურთიერთობა. ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ბირთვული იარაღის მფლობელია და ამას უნდა შევეგუოთ", - აცხადებს ალასანია. 
ამასთან, ინტერვიუში ის საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ ამ კუთხით ძველი მთავრობის სურვილი არ შეცვლილა.
"რა თქმა უნდა, ეს ჩვენი სურვილიც არის. საქართველოს ახალმა მთავრობამ ორი ბატალიონი გააგზავნა ავღანეთში. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენი გზა ევროატლანტიკური გაერთიანებისკენ მიდის, ჩვენ გვინდა მისი წევრობა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთთან ბრძოლას ვაპირებთ, რომ არ შეგვიძლია მათთან სამუშაო ურთიერთობების დამყარება. რუსეთი ბალტიის ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებასაც ეწინააღმდეგობოდა, თუმცა, მათ მაინც მოახერხეს ნატო-ში გაერთიანება. მე ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ განვახორციელებთ ჩვენს საგარეო პოლიტიკას და მივაღწევთ დასახულ მიზნებს, თუმცა, ამავდროულად, პრაგმატულები ვიქნებით რუსეთთან", - განმარტავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.