ღვინიაშვილი ხელისუფლებას ზეწოლის მცდელობაში ადანაშაულებს

ღვინიაშვილი ხელისუფლებას ზეწოლის მცდელობაში ადანაშაულებს

კახეთის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი ხელისუფლებას მასზე ზეწოლის მცდელობაში ადანაშაულებს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ღვინიაშვილმა განაცხადა, ხელისუფლება წარმატებით ასრულებს დევიზს, რომ ამ ქვეყანაში უდანაშაულოები არიან სეპარატისტები - „კანონიერი ქურდები“, ხოლო დამნაშავეები არიან ადამიანები, რომელთაც დამსახურება აქვთ ქვეყნის წინაშე.

„ამის ნათელი მაგალითია კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის, გიორგი სიბაშვილის პასუხისმგებაში მიცემა. ხელისუფლებამ გაახილოს თვალი - რამდენი რამ გაკეთდა კახეთში. ეს არის პირდაპირი ზეწოლა ჩემზე, რომელიც არაერთხელ განხორციელდა და ორი დღის წინ განმეორდა. ხელისუფლებას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. ორი დღის წინ,  ადამიანი გამომიგზავნეს, რომელმაც მათი მუქარა გადმომცა - გადავსულიყავი მათ მხარეს. მათ საკადრისი პასუხი მიიღეს. მეორე დღეს კი მოხდა აბსურდული ბრალდებებით გიორგი სიბაშვილი პასუხისგებაში მიცემა, ისეთი ბრალდებებით, რომლის წაკითხვის შემდეგ პატარა ბავშვსაც კი გაეცინება“, - განაცადა ღვინიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი სიბაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული.