"დამთავრდება პრაქტიკა, როცა ხელისუფლება გადაწყვეტილებებს ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე იღებდა"

საქართველოში პრაქტიკა დამთავრდება, როცა ხელისუფლება საკანონმდებლო დონეზე გადაწყვეტილებებს ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე იღებდა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა, რომელიც ერთი საათის განმავლობაში, იუსტიციის სახლში, ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს ხვდებოდა.

სპიკერის განცხადებით, შეთანხმდნენ, რომ საქართველოში ყველა კონსტიტუციური ცვლილება ვენეციის კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით განხორციელდება და ამ პროცესში მათი ექსპერტები აქტიურად იქნებიან ჩართულები.

„უკვე ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვენეციის კომისიის პრეზიდენტს უარყოფითი პოზიცია არ აქვს“, - ნგანაცხადა სპიკერმა.

უსუფაშვილის ინფორმაციით, მან შეხვედრაზე დააფიქსირა, რომ ახლო მომავალში  სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შეიქმნება,  რომელიც მოქმედ კონსტიტუციას ფუნდამენტურად გადახედავს.

„ამ პროცესში კი,  ჩაერთვებიან - როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და თავად ვენეციის კომისიის წარმომადგენლები. ვენეციის კომისიის მოსაზრება გათვალისწინებული იქნება საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებითაც. ჯანი ბუკიკიოს პოზიციით, პარლამენტში უკვე ინიცირებულ პროექტებთან დაკავშირებულ პროცესში მათი ჩართვა საჭირო არ არის, რადგან საკითხები მიმდინარე პრობლემების გადაჭრას ეხება“, - განაცხადა სპიკერმა.