საინფორმაციო გამოშვება “BBC News”-ის ცნობით, მიმდინარე წლის ხუთ ნოემბერს, დიდ ბრიტანეთში მომქმედი “Omega Auctions” გასაყიდად გამოიტანს ჯგუფი “The Beatles”-ის ლეგენდარული წევრის ჯონ ლენონის კბილს.
ამ უჩვეულო რარიტეტის მფლობელი, ვინმე დოტ ჯარლეტის ოჯახია. ქალბატონი დოტის ბებია თავის დროზე ლენონის სახლში შინამოსამსახურედ მუშაობდა. იმ ხანად დოტი ახალგაზრდა ქალიშვილი გახლდათ და რასაკვირველია “The Beatles”-სა და პირადად ჯონ ლენონის დიდი თაყვანისმცემელი ბრძანდებოდა.
ერთ ჩვეულებრივ დღეს ლენონმა დოტის ბებიას რამდენიმე წუთის წინ ამოღებული კბილი საჩუქრად გადასცა. ქალმა კბილი თავის მხრივ შვილიშვილს უსახსოვრა. რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ეს უნიკალური სუვენირი ჯარლეტების ოჯახში დიდი მონდომებით ინახებოდა. მსოფლიოში ამჟამად ფინანსური კრიზისი მძვინვარებს და ჯარლეტებმა კბილის აუქციონზე გატანით საკუთარი ეკონომიური მდგომარეობის გამოსწორება მოისურვეს.
აუქციონის ხელმძღვანელების ინფორმაციით, ლენონის კბილის საწყისი ფასი ათი ათასი ფუნტი სტერლინგი იქნება. არის ვარაუდი რომ ეს რელიქვია რამდენიმე ასეულ ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდება.