ირაკლი ალასანია ვიზიტით ბრიტანეთში იმყოფება

ირაკლი ალასანია ვიზიტით ბრიტანეთში იმყოფება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის  მინისტრი ირაკლი ალასანია ოფიციალური ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება.

უწყების ცნობით, მინისტრთან ერთად ბრიტანეთში გაემგზავრა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრები გაერთიანებული სამეფოს მთავრობის, პარლამენტის, თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან გამართავენ შეხვედრებს.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის დაზვერვისა და უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელს სერ მალკოლმ რიფკინგს, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ჯეიმს არბუტნოტს, თემთა პალატის ევროპის საქმეთა ჩრდილოვან მინისტრს ემა რეინოლდსს (ლეიბორისტული პარტიიდან), პარლამენტარ მარკ რეკლისს და საქართველოზე მომუშავე საპარლამენტო ჯგუფის წევრებს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრს უმასპინძლებს ევროპისა და ნატოს საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პარლამენტარი დევიდ ლიდინგტონი. პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია კი ბრიტანეთის ჯარების შტაბის უფროსთან, გენერალ სერ დავიდ რიჩარდსთან გამართავს შეხვედრას.

ხვალ, 29 იანვარს დაგეგმილია შეხვედრები გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან. ქართული დელეგაციის წევრები საერთაშორისო უსაფრთხოების სტრატეგიის მინისტრს ენდრიუ მურისონს, უსაფრთხოების სექტორის განვითარების მრჩეველთა ჯგუფის უფროსის მოადგილეს დევიდ კლარკს და საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის დირექტორს სტივ მაკარტის შეხვდებიან. ამავე დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი მონაწილეობას მიიღებს „ჩეთემ ჰაუზში“ დაგეგმილ მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში.

ირაკლი ალასანიას გაერთიანებულ სამეფოში ოფიციალური ვიზიტი 30 იანვარს დასრულდება.