პრემიერ-მინისტრი დავოსის ეკონომიკური ფორუმის წლიურ შეკრებაზე  სიტყვით გამოვიდა

პრემიერ-მინისტრი დავოსის ეკონომიკური ფორუმის წლიურ შეკრებაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორებს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა. სიტყვით გამოსვლისას მან ენერგოსექტორის უპირატესობებზე, ეკონომიკური ზრდის პოტენციალსა და რეგიონთაშორისი ინტეგრაციის გამოწვევებზე ისაუბრა.

„ცენტრალური აზია მისი ზრდის პოტენციალისა და განვითარების სისწრაფის გათვალისწინებით, ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონია მსოფლიოში. ისტორიულად ცენტრალური აზიის რეგიონი მნიშვნელოვან დამაკავშირებელ ფუნქციას ასრულებდა ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობისა და ტრანსპორტირების სფეროში, გამომდინარე იქედან - თუ რა წვლილის შეტანის პოტენციალი გააჩნია ამ რეგიონს მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში. ცენტრალურ აზიის ქვეყნების განვითარების ტემპებით დაინტერესბულნი არიან როგორც აზიის ასევე ევროპის ქვეყნებიც“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო ჩართულია ცენტრალური აზიის ქვეყნებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან პროექტებში, რომელთა მიზანი არამარტო დასავლეთის და აღმოსავლეთის ბაზრების დაკავშირებაა, არამედ კომუნიკაციების, ვაჭრობის, ტრასნპორტისა და ტექნოლიგიების განვითარებასაც წარმოადგენს. ამას თან ერთვის უმნიშვნელოვანესი მილსადენები, რომლებიც გადის საქართველოს ტერიტორიაზე და ასრულებენ მნიშვნელოვან როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოების სფეროში.

„საქართველო, რომელიც უკვე ფლობს ფუნქციურ საზღვაო, სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურას, წარმოადგენს ბუნებრივ გაგრძელებას ცენტრალური აზიის სატრანზიტო გზის, რომელიც აკავშირებს მზარდ ვროპისა და აზიის ბაზრებს. იმისათვის, რომ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის სატრანზიტო პოტენციალის კონკურენტუნარიანობა გაძლიერდეს, საჭიროა ყველა რეგიონის წევრისათვის მისაღები და კონკურენტუნარიანი სატარიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი პრაქტიკაში დანერგვა“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, სამთავრობო კომისიების დონეზე შეხვედრებმა უფრო რეგულარული სახე მიიღოს, რადგან ინფორმაციის გაცვლა და პროცედურების ჰარმონიზაცია ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია წარმატების მიღწევისთვის.