დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმში საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობს. ქართული დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიან ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საპარტნიორო ფონდისა და საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლები, უკვე შვეიცარიაშია. 
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა სესიაზე - "ახალი გამოწვევა ცენტრალური აზიისთვის", სადაც იგი, სხვა მომხსენებლებთან ერთად, ენერგოსექტორის უპირატესობებზე, ეკონომიკური ზრდის პოტენციალსა და რეგიონთაშორისი ინტეგრაციის გამოწვევებზე ისაუბრებს.
ბიძინა ივანიშვილი დავოსში რამდენიმე ქვეყნის პირველ პირთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს, ასევე, დაგეგმილია მოლაპარაკებები მსოფლიოში წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან. 
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პროფესორ კლაუს შვაბისა და ჰილდე შვაბის მიერ ორგანიზებულ კერძო მიღებასა და სადილს დაესწრება.
ფორუმის პირველ დღეს სესიაზე სიტყვით გამოვიდა რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი. მან რუსეთის განვითარების სცენარებზე, მსოფლიო ეკონომიკაში მის როლსა და "დიდ ოცეულში" რუსეთის პრიორიტეტებზე ისაუბრა. 
მედვედევმა მსფოლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს საკუთარი მინისტრთა კაბინეტის საქმიანობის პრიორიტეტებიც გააცნო. 
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში რუსეთის პრემიერი უცხოელ ინვესტორებთან ერთობლივ სამუშაო სადილსაც დაესწრება. რუსეთის დელეგაცია მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ინფრასტრუქტურულ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებსაც წარადგენს. 
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში დღეს გაიხსნა და 27 იანვრამდე გაგრძელდება