თეა წულუკიანი დაკარგული გოგიტა აბულაძის ოჯახის წევრებს შეხვდა

თეა წულუკიანი დაკარგული გოგიტა აბულაძის ოჯახის წევრებს შეხვდა

  იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, დღეს, 2012 წელს გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის ოჯახის წევრებს შეხვდა. დაკარგულის ნათესავები მინისტრთან შეხვედრას რამდენიმე დღის მანძილზე ითხოვდნენ. მათი განცხადებით, საქმის გამოძიება ჭიანურდება, ახლობლებმა კი იმის დადგენაც ვერ მოახერხეს, ცოცხალია თუ არა აბულაძე.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თეა წულუკიანმა აბულაძის მშობლებსა და დას მოუსმინა და დაწვრილებით გამოჰკითხა იმ პრობლემების შესახებ, რაც, მათი აზრით, საქმეზე სიმართლის დადგენას აჭიანურებს. იუსტიციის მინისტრმა მათ განუმარტა, რომ გამოძიება რთული და შრომატევადი პროცესია, რომელიც ფრთხილ მიდგომას საჭიროებს, აჩქარებამ კი, შეიძლება, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს დაზარალებულის ინტერესებს. თეა წულუკიანი აბულაძეებს დაჰპირდა, რომ პირადად დაინტერესდება საქმის მიმდინარეობით.

„როდესაც მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფის ან მისი გაუჩინარების ფაქტები ხდება, ეს სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მე მათ დავპირდი, რომ საქმე დაეკისრება იმ გამომძიებელს, რომელსაც თავად ოჯახი ენდობა, რომ ყველა მოწმე დაიკითხება თავიდან. იმედი მაქვს, მალე მივაკვლევთ გოგიტა აბულაძის კვალს“ - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა შეხვედრის შემდეგ.

გოგიტა აბულაძე გასული წლის 18 იანვარს გაუჩინარდა.