კახეთში სტიქიით დაზარალებულ 2768 ბენეფიციარს საბანკო ანგარიშებზე თანხა უკვე ჩაერიცხა

კახეთში სტიქიით დაზარალებულ 2768 ბენეფიციარს საბანკო ანგარიშებზე თანხა უკვე ჩაერიცხა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში სტიქიით დაზარალებულ 2768 ბენეფიციარს საბანკო ანგარიშებზე თანხა უკვე ჩაერიცხა.

სიაში მოხვდნენ კახეთის ხუთივე მუნიციპალიტეტის - საგარეჯოს, გურჯაანის, თელავის, ყვარლისა და ლაგოდეხის დაზარალებულები.

ბენეფიციარებს თანხის აღება დღეიდან ბანკ „ქართუს“ თელავისა და თბილისის ფილიალებში შეუძლიათ.

დაზარალებულთა სიები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ხუთივე მუნიციპალიტეტის გამგეობებს უკვე გადაუგზავნა. იმისათვის, რომ დააზუსტონ, მოხვდნენ თუ არ პირველი ტრანშის სიაში, მოქალაქეებმა ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა მიმართონ. მოსახლეობას ინფორმაციის მიღება ასევე შეეძლება სოფლის რწმუნებულებთან. სიები, აგრეთვე, გამოქვეყნდება რეგიონული განვითარების სამინისტროს ვებ-გვერდზე - www.mrdi.gov.ge და სამინისტროს facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

მომდევნო ბენეფიციართა სია ბანკ „ქართუს“ უახლოეს დღეებში გაეგზავნება. მთლიანად, კომპენსაციების გაცემა, სავარაუდოდ, 5-6 კვირა გაგრძელდება.

იმისათვის, რომ მთელი პროცესი წარიმართოს დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თხოვს დაზარალებულ მოქალაქეებს, იყვნენ მაქსიმალურად ყურადღებით, დამატებითი ინფორმაცია მიიღონ ადგილობრივ გამგეობებში, რომლებიც სრულად იქნებიან ინფორმირებულნი ყველა პროცედურასთან დაკავშირებით.