ზვიად გამსახურდიას  ოჯახს მთავრობა  130 ათას ლარს გადაუხდის

ზვიად გამსახურდიას ოჯახს მთავრობა 130 ათას ლარს გადაუხდის

საქართველოს მთავრობა ზვიად გამსახურდიას ოჯახს 130 ათას ლარს გადაუხდის. როგორც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, ბიუჯეტს ქვეყნის პირველი პრეზიდენტის სოციალური მომსახურების ხარჯები უნდა დაეფარა, თუმცა 2003 წელს ეს ვერ მოახერხა. შესაბამისად არსებულ ვალს სახელმწიფო, 10 წლის დაგვიანებით, ანუ 2013 წელს დაფარავს.

„საქართველოს პარლამენტმა 2002 წელს მიიღო კანონი, პირველი პრეზიდენტის ოჯახის სოციალური უზრუნველყოფის შესახებ, ეს ითვალისწინებდა დაცვის, კომუნალურ, მათ შორის სატელეფონო მომსახურების ხარჯების დაფარვას და ასე შემდეგ. 2003 წლის ბიუჯეტში აღნიშნული მიმართულებისთვის 130 ათასი ლარი ჩაიდო, თუმცა მოგეხსენებათ, რომ 2003 წელს საქართველოში საფინანსო კრიზისი იყო და ბიუჯეტმა აღებული ვალდებულება ვერ შეასრულა. გასული წლის დეკემბერში ფინანსთა სამინისტროს მომართა ქალბატონმა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ და ითხოვს 130 ათასი ლარის გადაცემას. ჩვენ ამაზე ვიმსჯელეთ და კანონის შესაბამისად ხდება იმ 130 ათასი ლარის დაფარვა, რაც მაშინ მთავრობამ ვერ გადაიხადა"- განაცხადა ნოდარ ხადურმა.