სვანეთის საგანძურთან დაკავშირებით წინა საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო

სვანეთის საგანძურთან დაკავშირებით წინა საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო

სვანეთის საგანძურის შესახებ საჯარო ინფორმაციის დამალვისა და სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობის საქმე ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს მე-7-ე განყოფილების ერთ-ერთ გამომძიებელს გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ for.ge-ს კორესპონდენტმა ნინო მიქიაშვილმა საქართველოს მთავარ პროკურორსა და იუსტიციის მინისტრს გასული წლის 1 ნოემბერს განცხადებით მიმართა, სვანეთის საგანძურთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის დამალვისა და სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტთან დაკავშირებით. 1 ნოემბრის განცხადება ჯერ თბილისის პროკურატურაში გადაიგზავნა, იქიდან ძველი თბილისის პროკურატურაში, ხოლო საბოლოოდ ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს მე-7-ე განყოფილებაში მოხვდა.

22 იანვარს 15 საათზე,  ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს მე-7-ე განყოფილებაში ნინო მიქიაშვილი, ადვოკატ მამუკა ნოზაძესთან ერთად, გამომძიებლის თანდასწრებით ხვდება ეროვნული მუზეუმის ადვოკატს და მუზეუმის წარმომადგენელს.

“ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში 18 იანვარს ერთ საათზე მეტხანს გახლდით. გამომძიებლისგან შევიტყვე, რომ ის უკვე შეხვდა და ესაუბრა ეროვნული მუზეუმის ადვოკატს. როგორც გამომძიებელმა განმიმარტა, წინასაგამოძიებო მოქმედების ფარგლებში, გარკვეული საკითხები მისთვის უფრო ცხადი, რომ გახდეს, სასურველია ეროვნული მუზეუმის ადვოკატსა და წარმომადგენელს შევხვდე გამომძიებლის თანდასწრებით. ასე რომ ეს შეხვედრა 22 იანვარს შედგება“, - ამბობს for.ge-ს კორესპონდენტი ნინო მიქიაშვილი.