დეპუტატთა ნაწილი საკუთარ სამუშაო ოთახს  არ იყენებს

დეპუტატთა ნაწილი საკუთარ სამუშაო ოთახს არ იყენებს

ქუთაისში, პარლამენტის გამჭირვალე შენობაში, 150 დეპუტატისთვის სამუშაო კაბინეტებია მოწყობილი, თუმცა, კანონმდებელთა ნაწილი საკუთარ ოთახს არ იყენებს.

360 მლნ ლარიან შენობაში განსაკუთრებული აპარტამენტები - კომიტეტების თავმჯდომარეებისთვის, ვიცე-სპიკერებისთვის, ფრაქციის თავმჯდომარეებისთვის და უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერებისთვის არის მოწყობილი. რიგითი დეპუტატებისთვის კი, ნორმალური დონის კაბინეტებია განთავსებული.

საკუთარ სამუშაო ოთახებს უმეტესწილად - უმცირესობის წევრი ის დეპუტატები არ იყენებენ, რომლებიც არ არიან ფრაქციების თავმჯდომარეები. კერძოდ, მიხეილ მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, პავლე კუბლაშვილი, ზურაბ მელიქიშვილი, სერგო რატიანი, ზურაბ ჯაფარიძე, პეტრე ცისკარიშვილი და ა.შ.

აღნიშნული დეპუტატები გოკა გაბაშვილის ფრაქციისთვის -  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განკუთვნილ კაბინეტში იკრიბებიან, რომელიც მეოთხე სართულზეა განთავსებული.

უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა from.ge-სთან საუბარში იხუმრა კიდეც, რომ „კაბინეტში ყოფნა მაშინ არის კარგი, როცა მთავრობაში ხარ“.

კანონმდებლებს საშემოდგომო სესიის გახსნისას, საკუთარ კაბინეტებში პრობლემას ჟალუზების არ ქონა უქმნიდათ, მაგრამ ეს პრობლემა უკვე გადაიჭრა, რადგან დეპუტატთა სამუშაო ოთახებისთვის დაახლოებით 100 ათასი ლარის ჟალუზები იქნა შეძენილი.

უმცირესობის წევრები საკუთარ სამუშაო კაბინეტებს საგაზაფხულო სესიაზე დაუბრუნდებიან თუ არა, ეს 5 თებერვლის შემდეგ გამოჩნდება, როცა საქმიანობას ოფიციალურად შეუდგებიან.