ცაგარეიშვილი: სააკაშვილს ოპოზიციურად განწყობილი პარლამენტი დახვდება და საინტერესო პროცესები გველის

ცაგარეიშვილი: სააკაშვილს ოპოზიციურად განწყობილი პარლამენტი დახვდება და საინტერესო პროცესები გველის

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი პარლამენტში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სტუმრობისას, მოვლენების „საინტერესოდ“ განვითარებას ელის.

როგორც from.ge-ს ცაგარეიშვილმა განუცხადა, მიხეილ სააკაშვილს წლიური გამოსვლისას, პირველად ოპოზიციურად განწყობილი პარლამენტი დახვდება.

„სააკაშვილს მისთვის ოპიოზიციურად განწყობილ პარლამენტში მოსვლა პირველად უწევს და კარგად ხვდება, რომ მას „გუნდრუკის მრკმეველები“ აღარ დახვდებიან. ასევე, გამოსვლის შემდეგ აღარ იქნება - მხურვალე ოვაციები და აბლოდისმენტები. სააკაშვილს ოპოზიციურად განწყობილი პარლამენტი დახვდება და საინტერესო პროცესები გველის“, - აცხადებს კანონმდებელი.

რაც შეეხება პარლამენტში პოლიტიკური ძალების გამოსვლის ფორმატს, ანუ, გამოსვლები დებატების რეჟიმში წარიმართება თუ არა, კანონმდებელი ამბობს, რომ ის  დებატების ფორმატს ისურვებდა.

„ვისურვებდი, რომ გამოსვლები დებატების ფორმატში იყოს, რადგან სააკაშვილი, წლების გამავლობაში, „სირაქლემის პოზაში“ იდგა და სჯობს, ახლა თავის მმართველობაზე, წარსულსა და აწმყოზე სიმართლე მოისმინოს. გახსოვთ, რომ შარშან, პარლამენტში გამოსვლისას, სააკაშვილი წყობიდან გამოვიდა და დარბაზიდან დაჭრილი მხეცივით გაიქცა. რომ არა პირდაპირი ეთერი, ეს სიტიაცია რითი დამთავრდებოდა არავინ იცის. წელს კი, ეს გამოსვლა ქუთაისში მოხდება და თუ სააკაშვილი დარბზიდან გავარდა, შეუძლია საკანონმდებლო ორგანოს შენობის წრეზე ირბინოს“, - განაცხადა კანონმდებელმა.

რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს,  კონსტიტუციის შესაბამისად, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ისმენს. პრეზიდენტის მოხსენების შეიძლება გამოცხადდეს შესვენება, რის შემდეგაც დეპუტატთა გამოსვლები იწყება და შეიძლება გაიმართოს დებატებიც. თუმცა, დებატების ფორმატი ბიუროს სხდომაზე უნდა შეჯერდეს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის საგაზაფხულო სესია, რეგლამენტის მიხედვით, თებერვლის პირველ სამშაბათს,  ანუ 5 თებერვალს გაიხსნება.

რაც შეეხება შარშან, მეშვიდე მოწვევის პარლამენტში გამართულ დებატებს, ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ჯონდი ბაღათურიამ პრეზიდენტის ნათესავები კორუფციაში ამხილა. პრეზიდენტმა ჯონდი ბაღათურიას გამოსვლის დროს დარბაზი დროებით დატოვა, მანამდე კი, კანონმდებელს მიმართა და ოპოზიციონერს ტალახში გორაობითა და დაზელით „დაემუქრა.

„მამაჩემი ბალნეოლოგიურის მფლობელი არა, დირექტორი ნამდვილად არის. ტალახში გორაობა არის თქვენი ბუნებრივი მდგომარეობა, ამიტომ ვეტყვი მანდატურებს, წაგიყვანენ და ნამდვილ, ხარისხიან ტალახში ჩაგაწვენენ და კარგად დაგზილავენ როგორც საჭიროა, მაშინ გაგავლით ეს ფანტაზიები“, - მიმართა ბაღათურიას სააკაშვილმა.