ცაგარეიშვილი: გარემოს დაცვის სფეროში რეფორმების გატარების მიზნით,  41 სხვადასხვა კანონში ცვლილება აისახება

ცაგარეიშვილი: გარემოს დაცვის სფეროში რეფორმების გატარების მიზნით, 41 სხვადასხვა კანონში ცვლილება აისახება

გარემოს დაცვის სფეროში განსახორციელებელი რეფორმების მიზნით, მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება 5 თებერვლის პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

ამის შესახებ from.ge-ს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ცაგარეიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, რეფორმების გატარების მიზნით,  41 სხვადასხვა კანონში ცვლილება აისახება, რომელიც დაახლოებით 250 გვერდიანია.

დეპუტატის განმარტებით, რეფორმის ფარგლებში, ბუნებრივი რესურსების სააგენტო ენერგეტიკის სამინისტროს ფარგლებიდან გამოდის, რომელიც გარემოს დაცვის სფეროს უბრუნდება და გარემოს დაცვის სამინისტრო კვლავ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდ ჩამოყალიბდება.

„გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო იქნება უფლებამოსილი ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებული ლიცენზიების გაცემაზე. უწყებაში ცალკე ორგანოდ სატყეო სააგენტო შეიქმნება. ასევე, კონტროლის დანაყოფი ჩამოყალიბდება, რომელიც ბუნებრივი რესურსების გამოყენების კანონიერებას შეამოწმებს, გარემოს დაცვის კუთხით შექმნილ ვითარებას გააკონტროლებს და ბრაკონიერობას შეებრძოლება“, - აცხადებს კანონმდებელი.

რაც შეეხება ცვლილებებს, ცაგარეიშვილის ინფორმაციით, საკანონმდებლო პაკეტი უკვე კომიტეტშია და ინიციატივის დამუშავება მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, ბუნებრივი რესურსების სააგენტო ენერგეტიკის სამინისტროს დაექვემდებარა, რომელსაც ალექსანდრე ხეთაგური ხელმძღვანელობდა.