უზენაესი სასამართლოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს   იუსტიციის სამინისტრო მხარს არ უჭერს

უზენაესი სასამართლოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს იუსტიციის სამინისტრო მხარს არ უჭერს

იუსტიციის სამინისტრო უზენაესი სასამართლოს მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მხარს არ უჭერს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ განუცხადა.

მისი თქმით, მიაჩნია რომ საკითხები, რომელზეც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი საუბრობს, კონსტიტუციით არ უნდა რეგულირდებობეს.

"ის უნდა რეგულირდებოდეს ორგანული კანონით და არ არის არანაირი საჭიროება, რომ რაც რეგულირდება ორგანული კანონით, რეგულირდებოდეს კონსტიტუციით", - აცხადებს ალექსანდრე ბარამიძე.

ბარამიძის განმარტებით, თუ კოსტიტუციაში ცვლილებებია საჭირო, მიაჩნია, რომ უნდა შეიცვალოს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე იმავე დროს არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც.

კოტე კუბლაშვილმა უზენაესი სასამართლოს მიერ მომზადებული საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების პროექტი 16 იანვარს წარადგინა.

მისი თქმით, პროექტი სასამართლო ხელისუფლების კიდევ უფრო გაძლიერებას ითვალისწინებს.

"ამ მიზნით ჩვენ კონსტიტუციაში შეგვაქვს ცვლილება, რომელიც ე.წ. უცვლელობის გარანტიაა. ამ გარანტიის მიხედვით, კონსტიტუციის ერთ-ერთ მუხლში იქნება ჩაწერილი, რომ დაუშვებელია შეიცვალოს ან სხვაგვარად ხელყოფილი იყოს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ის პრინციპები და გარანტიები, რომელიც დევს კონსტიტუციის მეხუთე თავში. ეს არის ე.წ. უცვლელობის გარანტია", - განაცხადა კუბლაშვილმა.

მისივე განმარტებით, მსოფლიო კონსტიტუციონალიზმის ისტორია იცნობს ასეთ დებულებებს, თუმცა არც ისე ბევრ ქვეყანაში მოქმედებს.

"მაგრამ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ განვითარების ამ ეტაპზე საქართველოს სასამართლო ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთი დებულება იდოს კონსტიტუციაში, რომ არც ერთ ახალ ხელისუფლებას არ ჰქონდეს საშუალება ეს პრინციპები და გარანტიები შეცვალოს", - განაცხადა კუბლაშვილმა.

მისივე თქმით ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მისი მოსამართლე წევრების უფლებამოსილებების გარანტიებს.

"ამ დებულების მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არც ერთ წევრს არ შეიძლება შეუწყდეს ვადამდე ადრე უფლებამოსილება, გარდა კონსტიტუციით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. მივიჩნევთ, რომ ეს გამონაკლისებიც კონსტიტუციაშ ამომწურავად უნდა იყოს ჩამოთვლილი. ასეც არის ჩვენს პროექტში მითითებული", - აცხადებს კუბლაშვილი.

კუბლაშვილი განცხადებით, ამ ყველაფრის მიზანია, რომ ვერც ერთმა ხელისუფლებამ, მოქმედმა თუ მომავალმა, ვერ შეძლოს რიგით კანონებში გარკვეული მანიპულაციების გზით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლის შეცვლა და წევრების უფლებამოსილების ვადის პირობების გადასინჯვა. ვისაც სურს, სასამართლო საქართველოში ნამდვილად იყოს დამოუკიდებელი, ამ ცვლილებებს უნდა დაეთანხმოს.