თავდაცვის სამინისტრომ საჯარო კონკურსში გამარჯვებული მიმწოდებელი კვების კომპანიები დაასახელა

თავდაცვის სამინისტრომ საჯარო კონკურსში გამარჯვებული მიმწოდებელი კვების კომპანიები დაასახელა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შპს „ქართული კვების კომპანიამ“ ფასთა გამოკითხვის საჯარო კონკურსი ჩაატარა.

ამ თემასთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებისთვის ბრიფინგი დღეს, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა ბროლაძემ გამართა. 

ფასთა გამოკითხვის მეთოდით, საჯარო კონკურსის მიზანი ქართული ჯარისა და სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების მაღალი ხარისხის კვებით მომსახურებით უზრუნველყოფა და ეფექტიანი ფინანსური პოლიტიკის გატარება იყო.

შპს „ქართული კვების კომპანიის“ მიერ გამოცხადებულ ფასთა კვოტირების პრინციპით შესყიდვების კონკურსი 2012 წლის 28 დეკემბრიდან 2013 წლის 5 იანვრის ჩათვლით მიმდინარეობდა. აღნიშნულ პერიოდში სულ 150-მდე განაცხადი შემოვიდა. კონკურსში მონაწილეობა  როგორც იურიდიულმა, ასევე ფიზიკურმა პირებმა - ინდივიდუალურმა მეწარმეებმა მიიღეს.

მიმდინარე წლის 6 იანვრიდან 11 იანვრის ჩათვლით  განაცხადების კლასიფიკაცია მოხდა და შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად მონაწილეები  შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩნენ:1.ლოტში წარმოდგენილი პროდუქტების სრული მოწოდება;2.               არსებულ ფასებზე დაბალი ფასების წარმოდგენა.

შერჩევის შემდეგ ეტაპზე, მომწოდებლების განცხადებების შესაბამისად, ყოველ ლოტზე საშუალო შეწონილი ფასი იქნა გამოთვლილი. თითოეულ ლოტზე, საშუალო შეწონილი ფასის მიხედვით, გამოვლინდა საუკეთესო მომწოდებელთა მოკლე სია  - 3 საუკეთესო და 2 სარეზერვო მომწოდებელი.

მოკლე სიაში მოხვედრილ კომპანიებს   სრული ინფორმაციის წარმოდგენა მოეთხოვათ. მათ შორის, დოკუმენტაცია წარმადობის, ლოგისტიკური უზრუნველყოფის, პროდუქციის მარაგების, ბიზნეს პარტნიორების და ხარისხის უზრუნველყოფის შესახებ.

საშუალო შეწონილი ფასის კოეფიციენტის მინიმალური განსხვავების დროს, მოხდა პროდუქციის ხარისხის ექსპერტიზა და ზემოთ აღნიშნულ კრიტერიუმებთან შეჯერება.

მოკლე სიაში მოხვედრილ კონკურსანტებს კომისიამ პოზიციების გასამყარებლად ფასების გადახედვა შესთავაზა.

მიცემულ ვადაში, ზოგიერთმა კომპანიამ   ახალი შემოთავაზება გააკეთა  და უკვე განახლებული შემოთავაზებების მიღების შემდეგ,  საბოლოო გამარჯვებულთა არჩევა დაიწყო.

საუკეთესოთა გამოვლენა შემდეგი კრიტერიუმებით მოხდა: თითოეულ ლოტში ყველაზე დაბალი საშუალო შეწონილი ფასი; ხარისხობრივი მაჩვენებლების მაღალი სტანდარტები (ხარისხის უზრუნველყოფის სერტიფიკატები და განმცხადებლის საწარმოო ციკლის ადგილზე შემოწმება); განმცხადებლის საწარმოო სიმძლავრეები და მარაგები; ლოგისტიკური უზრუნველყოფის გარანტიები; რამდენიმე ლოტში მონაწილეობა.

კომისიის მიერ, კონკურსში საბოლოო გამარჯვებულთა გამოვლენა  ზემოთ აღნიშნული ხუთი კრიტერიუმის საფუძველზე მოხდა. ლოტების მიხედვით, ფასთა გამოკითხვის კონკურსში გამარჯვებული მომწოდებლები არიან: ბურღულეული - შპს „დაფნა“; ბოსტნეული - შპს „ფუდ სერვისი“; მაკარონის ნაწარმი - შპს „გუილდი“; ხორცპროდუქტები - შპს „ A.G. თრადე“; სოსისი, ძეხვი - შპს „გერმანელი ყასაბი 2010“; რძის პროდუქტები - შპს „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“; ზეთი - შპს „დაფნა“; კარაქი - შპს „დაფნა“; კვერცხი - „პოულტრი ჯორჯია“ (კოდა); შაქარი - შპს „დაფნა“; ჩაი - შპს „ჯიჯიჯი კომპანი“; ტომატ-პასტა - შპს „დაფნა“; კონსერვი - შპს „დაფნა“; ყველი  - ი/მ ეკატერინე კუბლაშვილი; მაიონეზი - შპს „დაფნა“; ჯემი - შპს „დაფნა“; საკონდიტრო ნაწარმი - შპს „ჯორჯიან ბეიქერს“; გამაგრილებელი გაზიანი სასმელი  - შპს „იბერია რეფრეშმენტს“; მინერალური წყალი - სს „IDშ ბორჯომი საქართველო“; ნატურალური წვენი - შპს „კამპა“; თაფლი - ი/მ ავთანდილ დვალიშვილი; შოკოლადი - შპს „მეგაკო“; სარეცხი-საწმენდი საშუალებები - შპს „იდეალ სერვისი“; ერთჯერადი ჭურჭელი - შპს „ეუროპაკი“; პური - შპს „ნილი“, შპს „სერიდა“, შპს „საური“.

განხორციელებული საქმიანობის შედეგად, წინასწარი გამოთვლებით, ამჟამინდელ მდგომარეობასთან შედარებით ორი თვის მანძილზე კომპანია დაზოგავს 1,55 მლნ ლარზე მეტს. გარდა აღნიშნული თანხებისა, მნიშვნელოვან ეკონომიას მოგვცემს, ხარისხიანი პროდუქციის გამოსავლიანობის კოეფიციენტი, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო გაზრდის კომპანიის ფინანსურ ეფექტიანობას.

ყველაფერ ამის ფონზე, გაუმჯობესდება ქართული ჯარისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებების კვების ხარისხი. ასევე, ორგანიზაციაში გატარებული სტრუქტურული ცვლილებები, კომპანიის საქმიანობას უფრო ელასტიურს და პროდუქტიულს გახდის.