ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა თანამდებობა დატოვა

ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა თანამდებობა დატოვა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ განუცხადა. მისი განმარტებით, ნიკოლოზ ვაჩეიშვილს რამდენჯერმე ესაუბრა და თანხმდებიან იმაზე, რომ მათი სამომავლო ხედვები განსხვავებულია,.
"ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა ჩაატარა დიდი სამუშაო. განხორციელებული პროექტების ნაწილი წარმატებულია, ნაწილთან კი შენიშვნები გვაქვს. იგი ნაწილობრივ იზიარებს ამ შენიშვნებს. ამავდროულად სამომავლოდ ჩვენი ხედვა განსხვავებულია და შევჯერდით იმაზე, რომ ამ ეტაპზე აჯობებს დავშორდეთ", - განაცხადა გურამ ოდიშარიამ.
მისივე განმარტებით, უკვე არსებობენ სავარაუდო კანდიდატებიც, რომელთა შორის ერთ-ერთი კონკურსის წესით შეირჩევა. როგორც გურამ ოდიშარიამ აღნიშნა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობა არის დიდი პასუხისმგებლობა იმ ადამიანისთვის, ვინც უწყებას სათავეში ჩაუდგება. მინისტრი დარწმუნებულია, რომ მომავალში სააგენტო ბევრ სამაგალითო პროექტს განახორციელებს.
რაც შეედება ვაჩეიშვილს, მინისტრის ინფორმაციით, იგი გადადგომის შესახებ განცხადების შესახებ დაწერას არ აპირებს და ამას კულტურის სამინისტრო გააფორმებს. ამავდროულად, როგორც გურამ ოდიშარიამ აღნიშნა, ბაგრატის ტაძარი არ არის ერთადერთი საკითხი, რომელზეც ნიკა ვაჩეიშვილთან აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა.
"უპირველესია სისწრაფე საქართველოს ძველი ტაძრების რესტავრირებისას. ყველაფერში ვაჩეიშვილი, რა თქმა უნდა, დამნაშავე არ არის. მას აჩქარებდნენ, თუმცა იგი გარკვეულწილად პასუხისმგებელია ყველაფერზე, რაც ხდებოდა, რადგან ეს ყგველაფერი მის სფეროს განეკუთვნებოდა", - აღნიშნა გურამ ოდიშარიამ.