მიხეილ სააკაშვილი გურამ საღარაძის გარდაცვალების გამო,  მწუხარებას გამოთქვამს

მიხეილ სააკაშვილი გურამ საღარაძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი  მსახიობ გურამ საღარაძის გარდაცვალების გამო,  მწუხარებას გამოთქვამს.

სამძიმრის წერილი მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.

„ვწუხვარ უბადლო ქართველი მსახიობის, მრავალმხრივი შემოქმედისა და ქართული თეატრის კლასიკოსის - გურამ საღარაძის გარდაცვალების გამო. ბატონ გურამს არაერთი შესანიშნავი პერსონაჟი გაუცოცხლებია რუსთაველის თეატრის სცენაზე. მისი მონაწილეობით შემდგარი ყოველი სპეკტაკლი სულიერ საზრდოს აწვდიდა და აღაფრთოვანებდა მაყურებელს.

საზოგადოების საყოველთაო სიყვარული და პატივისცემა მისი ღირსეულად განვლილი ცხოვრებისა და საინტერესო, მრავალფეროვანი შემოქმედების აღიარებაა. მისი შემოქმედება სამუდამოდ ეკუთვნის ქართველ ხალხს, მის აწმყოსა და მომავალს.

საქართველომ დიდი დანაკლისი განიცადა. სრულიად საქართველოსთან ერთად ვიზიარებ მისი გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილსა და მწუხარებას“,- ნათქვამია პრეზიდენტის წერილში.

მსახიობი გურამ საღარაძე 84 წლის ასაკში გუშინ გარდაიცვალა. გურამ საღარაძეს 22 იანვარს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.