ირაკლი ღარიბაშვილი:  ვიდეოების გავრცელება, ალბათ, საჭირო იყო საზოგადოებას  დაენახა, ვისი დავალებით ხდებოდა ეს ყველაფერი

ირაკლი ღარიბაშვილი: ვიდეოების გავრცელება, ალბათ, საჭირო იყო საზოგადოებას დაენახა, ვისი დავალებით ხდებოდა ეს ყველაფერი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პროკურატურის მიერ, გავრცელებულ ვიდეომასალას სამწუხარო და შემაშფოთებელ ფაქტს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ამ ვიდეობების გავრცელება, ალბათ, საჭირო იყო იმისთვის, რომ საზოგადოებას თვალნათლივ დაენახა, რა უბედურებასთან ჰქონდა საქმე და ვისი დავალებით ხდებოდა ეს ყველაფერი

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა, ყველასთვის კარგად ცნობილია, თუ რა მეთოდებით მუშაობდნენ ბოლო წლების განმავლობაში სამართალდამცავები.

,,ჩვენ კარგად გვახსოვს ციხის კადრები. ამგვარი ბინძური მეთოდები ჩვენთვის მიუღებელია და ჩვენ მას ვებრძვით. ამ მანკიერ თვისებებს სრულად აღმოვფხვრით და მთლიანად გავაჯანსაღებთ სისტემას. ამას ემსახურება ჩვენს მიერ წამოწყებული რეფომრები, რომელსაც ოპონენტები სკეპტიკურად უყურებენ. ამ ვიდეოების გავრცელება, ალბათ, საჭირო იყო იმისთვის, რომ საზოგადოებას თვალნათლივ დაენახა, რა უბედურებასთან ჰქონდა საქმე და ვისი დავალებით ხდებოდა ეს ყველაფერი. მე ასეთი ბინძური მეთოდებით მუშაობა არასწორად მიმაჩნია", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე განმატებით, დანარჩენი საკითხები უკვე დეტალებია. თუმცა როგორც მინისტრი აცხადებს, ამგვარი ფორმით არ უნდა ხდებოდეს ადამიანების ჩაბმა დანაშაულებრივ სქემებში.

,,ამ ფორმით არ უნდა მოხდეს ადამიანის მართვა. ეს არის წინა ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა, რასაც ჩვენ ვებრძვით”, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.