პარლამენტში ხვალ ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებით, მომზადებულ ცვლილებებზე იმსჯელებენ

პარლამენტში ხვალ ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტთან დაკავშირებით, მომზადებულ ცვლილებებზე იმსჯელებენ

პარლამენტში ხვალ „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსზე“ იმსჯელებენ, რომლის თანახმად, ყოფილ თუ მოქმედ თანამდებობის პირებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები ნაფიც მსაჯულთა განსჯადი სფერო ხდება.

საკანონმდებლო ცვლილებებზე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები იმსჯელებენ.

იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებებით, თბილისისა და ქუთაისის სასამართლოები მიმდინარე წლიდან 2014 წლის 1-ელ ოქტომბრამდე ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით იმ პირთა სისხლის სამართლის საქმეებსაც განიხილავენ, რომელთა მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს.

ამასთან, ცვლილებებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ისეთ შემთხვევებს გულისხმობს, როდესაც სისხლის სამართლის საქმე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონით განსაზღვრული თანამდებობის ყოფილ თუ მოქმედ წარმომადგენლებს და მათთან ერთად დანაშაულის ჩამდენ პირებს ეხებათ.

პროექტის თანახმად, „თანამდებობის პირებში“ იგულისხმება ყველა რანგის სახელმწიფო მოხელე - პრეზიდენტით დაწყებული ადგილობრივი მმართველი ორგანოების წარმომადგენლებით დასრულებული.

ამას გარდა, ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებით, პარლამენტს ალტერნატიულ პროექტს სთავაზობს უმცირესობაც.

შეგახსენებთ, რომ  დღეს მოქმედი კანონით, ნაფიც მსაჯულთა განსჯად სფეროებს განზრახ მკვლელობებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები წარმოადგენს. ნაფიცმა მსაჯულებმა განაჩენი ისეთ საქმეებზე შეიძლება გამოიტანონ, როგორიცაა - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში (სსკ-ის 109-ე მუხლი), მკვლელობა მსხვერპლის თხოვნით (სსკ-ის 110-ე მუხლი), განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში (სსკ-ის 111-ე მუხლი), დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა (სსკ-ის 112-ე მუხლი), მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით (სსკ-ის 113-ე მუხლი) და მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით (სსკ-ის 114-ე მუხლი).