შესაძლოა თბილისში დასუფთავების მომსახურებაზე კვლავ ზღვრული მოსაკრებელი დაწესდეს

შესაძლოა თბილისში დასუფთავების მომსახურებაზე კვლავ ზღვრული მოსაკრებელი დაწესდეს

შესაძლოა თბილისში დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურებაზე კვლავ ზღვრული მოსაკრებელი დაწესდეს.

ამასთან დაკავშირებით ცვლილება „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ კანონში  შედის, რომელიც უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინათინ ხიდაშელმა მოამზადა.

ცვლილებების  მიხედვით, შესაძლოა ერთ სულ მოსახლეზე დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურებაზე თვეში სამი ლარი დაწესდეს, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში, ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე 25 ლარს არ აღემატება.

ამასთან, ცვლილებები „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ კანონშიც აისახება და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ისეთი ტარიფის, გადასახადის ან მომსახურების შემოღება, რომელიც ადგილობრივი მოსაკრებლით განსაზღვრული სფეროს რეგულირებისთვის არის დადგენილი, აიკრძალება.

ბიუროს სხდომაზე, ცვლილებების ინიცირებისას, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა აგანაცხადა, რომ ის ქალაქის მერს გიგი უგულავას ესაუბრა და აღნიშნული ინიციატივის ამოქმედებასთან დაკავშირებით პირადად მისგან შეიტყო.   

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქში  ე.წ. ნაგვის გადასახადის ოდენობა მოხმარებული ელექტროენერგიის მიხედვით განისაზღვრება.