ილია II-მ მსოფლიო პატრიარქს დავით წინასწარმეტყველის მინანქარში შესრულებული ხატი გადასცა

ილია II-მ მსოფლიო პატრიარქს დავით წინასწარმეტყველის მინანქარში შესრულებული ხატი გადასცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესისმა და უნეტარესმა ილია მეორემ მსოფლიო პატრიარქს ბართლომეოს I-ს მადლობა გადაუხადა აქ ჩამობრძანებისთვის, ,,ჩვენ ვამაყობთ, რომ თქვენ ბრძანდებით კონსტანტინოპოლის პატრიარქი და დიდია თქვენი დამსახურება ქვეყნის, მსოფლიოს წინაშე’’- მიმართა ილია მეორემ ბართლომეოს I-ს და  საჩუქრად დავით წინასწარმეტყველის ხატი გადასცა.

,,თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, მსოფლიო პატრიარქო ბართლომეოს პირველო, თქვენო უწმინდესობავ, სერბეთის პატრიარქო, ყოვლადუწმინდესო დანნო და ძმანნო, დღეს არის ხსენება წმინდისა წინასწარმეტყველისა დავითისა და ჩვენ შევთხოვთ მას, რომ მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს საქართველოში და მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვხედავთ ჩვენი ეკლესიის აღმავლობას, დიდებას. დავით წინასწარმეტყველს, როდესაც გაამთლიანა ისრაელი და ზეიმით შედიოდა იერუსალიმში, მთელი ერი აქებდა. მან გააჩერა მსვლელობა ხალხისა და უთხრა: ,,მე კი არ ვმეფობ, უფალი მეფობს’’. და როცა აღინიშნება ჩემი საიუბილეო თარიღები და როცა ამბობენ, რომ თითქოს მე რაღაცა გავაკეთე, მე ვიმეორებ: ,,უფალი მეფობს და უფალი აკეთებს’’. მე მადლობელი ვარ, რომ თქვენ მიიღეთ მონაწილეობა და ჩამობრძანდით. ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა, სიხარული და სიყვარული. ჩვენ ვამაყობთ, რომ თქვენ ბრძანდებით კონსტანტინოპოლის პატრიარქი და დიდია თქვენი დამსახურება ქვეყნის, მსოფლიოს წინაშე და ნიშნად ჩვენი პატივისცემისა და სიყვარულისა, მე მოგართმევთ დავით წინასწარმეტყველის ხატს, რომლის დღესასწაულიც დღეს არის. ხატი მინანქარშია შესრულებული’’, - ბრძანა უწმინდესმა.

 მისმა უწმინდესობამ აღსაყდრებიდან 35 და დაბადებიდან 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო წირვა დღეს მსოფლიო პატრიარქთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა.