სააკაშვილი: აღარაფერი მიკვირს იმ პირობებში, როცა კიტოვანი თბილისში დასეირნობს

სააკაშვილი: აღარაფერი მიკვირს იმ პირობებში, როცა კიტოვანი თბილისში დასეირნობს

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, ,,ამნისტიის შესახებ” კანონის ხელმოწერას გამოეხმაურა.

სააკაშვილის განცხადებით, მასობრივად ამდენი კრიმინალის გამოშვება დაუშვებელია.

,,ახლა ვიმყოფებით რთულ დროში, რადგან, ნახეთ, რომ ,,ამნისტიის შესახებ” კანონი, რომელსაც მე დავადე ვეტო, პარლამენტმა მაინც შეიყვანა ძალაში. ამით ეს ხალხი იღებს პასუხისმგებლობას იმ ძალიან მძიმე შედეგებზე, რომლებიც მოჰყვება ძალიან ბევრი კრიმინალის გათავისუფლებას. დღევანდელ სიტუაციაში ამდენი კრიმინალის მასობრივად გამოშვება ესაა სრულიად დაუშვებელი, ისევე როგორც დაუშვებელია რუსეთის ჯაშუშების, რუსეთის მოქალაქეების გარეთ გამოშვება, რომლებიც პირდაპირ ურტყამდნენ ოკუპირებული ქვეყნის ინტერესებს, დაუშვებელია მეამბოხეების და ძალადობრივი დანაშაულის მონაწილეების გამოშვება”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, იმ პირობებში, როცა თბილისში კიტოვანი დასეირნობს, აღარაფერი უკვირს.

,,მე აღარაფერი მიკვირს იმ პირობებში, როცა კიტოვანი თბილისში დასეირნობს და, ალბათ, გაკვირვებით ავლებს თვალს, როგორც მოხდა, რომ მის მიერ დანგრეული თბილისი ასე სწრაფად აღვადგინეთ. აღარაფერი მიკვირს იმ პირობებში, როდესაც კახა თარგამაძეს აბრუნებენ, რომელიც პირდაპირაა დაკავშირებული რუსეთის სპეცსამსახურებთან”, - განაცხადა პრეზიდენტმა.