დავით უსუფაშვილი: ვისაც ამნისტია შეეხება, მთავრობის გადაწყვეტილებიდან სწორი დასკვნები გამოიტანონ

დავით უსუფაშვილი: ვისაც ამნისტია შეეხება, მთავრობის გადაწყვეტილებიდან სწორი დასკვნები გამოიტანონ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ყველა მსჯავრდებულს, რომელიც საპყრობილეებს ამნისტიის კანონის საფუძველზე დატოვებს, მოუწოდებს ,სახელმწიფოს გადაწყვეტილებიდან სწორი დასკვნა გამოიტანონ.
"მინდა,  მივმართო ყველას, ვისაც ეს კანონი შეეხო – მათ სწორი დასკვნები გამოიტანონ საქართველოს სახელმწიფოს გადაწყვეტილებიდან. სწორი დასკვნა იქნება ის, რომ ყველაფერი გააკეთონ, რათა დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას; დაუბრუნდნენ ქართულ საზოგადოებას, როგორც სრულფასოვანი წევრები. ჩვენ ჩვენის მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ მათი რესოციალიზაციისთვის", - განაცხადა პარლამენტის თავმდჯომარემ,  დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელზეც ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა. 
მისივე განმარტებით,  პატიმრებს, რომელიც საპყრობილეებს აღნიშნული აქტის საფუძველზე დატოვებენ, ყველაზე განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ამ პროცესის შემდეგ დასჭირდებათ. 
"მივმართავთ ყველას ოჯახის წევრებს, ახლობლებს – სწორედ ახლა სჭირდებათ მათ განსაკუთრებული ყურადღება, რათა რაიმე მოტივით კვლავ არასწორ გზას არ დაადგნენ; ჰქონდეთ თავისუფლება და უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი თითოეული მოქალაქისთვის", - აღნიშნა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ სამართალდამცავ ორგანოებსაც მიმართა და მოუწოდა, რომ ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ.
"მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებსაც, რომელიც დიდ საქმეს აკეთებენ კრიმინალთან ბრძოლის კუთხით, რომ ასევე დიდი ყურადღება მიაქციონ ამ საკითხს და ყველამ ერთად დახმარების ხელი გავუწოდოთ საპატიმროებიდან გათავისუფლებულ ადამიანებს", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
ამასთან, მან პოლიტპატიმრებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში მსგავსი აქტის მიღება საჭირო აღარ უნდა გახდეს.
"ამნისტიის ამ აქტით თავისუფლებას მიიღებს 200-მდე ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც პოლიტიკური ნიშნით იყო დევნილი და დაპატიმრებული. მათი არსებობა არის დემონსტრირება იმისა, რომ საქართველოში წლების განმავლობაში პოლიტიკური ნიშნით იდევნებოდნენ. მათ ვუბოძებთ თავისუფლებას იმის გამო, რომ მათი შეხედულება და პოლიტიკური მრწამსი აღმოჩნდა მათი დევნის საფუძველი. საქართველოში არასდროს აღარ უნდა გახდეს საჭირო ამგვარი აქტის განხორციელება. ამისთვის საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს", - აღნიშნა უსუფაშვილმა.