"სააკაშვილი სამუშაოდ ზუგდიდის რეზიდენციაში გადადის"

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამუშაოდ ზუგდიდის რეზიდენციაში გადადის. გაზეთ "რეზონანსის" ცნობით, შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდის რეზიდენციაში გადავიდეს და ქვეყანა იქიდან მართოს . 
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილს საჯარო განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა როგორც "რეზონანსი" იუწყება, აღნიშნული ინფორმაციის შესახებ პრეზიდენტმა სამეგრელოში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა.
გავრცელებულ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახურში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.
"არ ვიცი, სიმართლეა თუ არა. საჯარო განცხადება არ ყოფილა ამის შესახებ, რადგან როცა რაიმე საჯარო განცხადება კეთდება, ყველაფერი ოფიციალურ ვებ-გვერდზე იდება. ეს ალბათ შიდა ინფორმაცია გაქვთ. სხვა არაფერი შემიძლია გითხრათ", -აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნათია ბანძელაძემ.
გამოცემის ცნობით, 2009 წელს პრეზიდენტმა სამთავრობო რეზიდენციები გასაყიდად გაიტანა. საპრივატიზაციო ნუსხაში ბათუმისა და ზუგდიდის რეზიდენციები მოხვდნენ, წეროვანის რეზიდენცია კი საბავშვო ბაღად გადაკეთდა. თუმცა, 4 წლის წინ გასაყიდად გატანილი ზუგდიდის რეზიდენცია კვლავ პრეზიდენტის განკაგულებაშია. 4 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ზუგდიდში სტუმრობის დროს, იგი საკუთარ რეზიდენციაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, რაიონის გამგებელს და შპს "ანაკლია-განმუხურის რესორტის" დირექტორს შეხვდა.
გავრცელებულ ინფორმაციას "რეზონანსთან" საუბარში ქართველი ექსპერტებიც აფასებენ. 
"საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის" დირექტორი კახი კახიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის სიტყვებში ძნელია გაარჩიო სიმართლე და ტყუილი. მისი შეფასებით, შესაძლებელია პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება მხარდამჭერების გულის მოსაგებად გააკეთა თუმცა ასევე შესაძლებელია, რომ მის უკან პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება იდგეს. "ის შეიძლება ფიქრობს, რომ სამეგრელოში მხარდამჭერები ჰყავს და როდესაც ამ გადაწყვეტილების მისაღებად მზად იქნება, ეს სამეგრელოდან გააკეთოს, რადგან უფრო დაცული იქნება",- განმარტავს კახიშვილი.
პრეზიდენტის ნათქვამში ტყუილისა და სიმართლის გარჩევა უჭირს ექსპერტ სოსო ცინცაძესაც. მისი თქმით, იმის გამო, რომ ქვეყანაში არც სამოქალაქო დაპირისპირება არის და არც მტერია შემოჭრილი, პრეზიდენტის ზუგდიდის რეზიდენციაში გადასვლა მსოფლიო ისტორიაში უჩვეულო ფაქტი იქნება. ამასთან, ცინცაძეს ეს ყველაფერი ზვიად გამსახურდიას დროინდელ ამბავს აგონებს, "როდესაც ზუგდიდის ბატალიონმა რუსთაველის ოკუპაცია მოახდინა და აცხადებდნენ, რომ ჩვენ ჩვენს პრეზიდენტს ზუგდიდში წავიყვანთო. ისინი თვლიდნენ, რომ გამსახურდია მხოლოდ მეგრელების პრეზიდენტი იყო", - განმარტა "რეზონანსთან" საუბრისას სოსო ცინცაძემ. 
მისივე თქმით, ეს ნაბიჯი პრეზიდენტმა შესაძლოა, მეგრელების მიმართ მადლიერების ნიშნად გადადგას, "რადგან საპარლამენტო არჩევნებზე სამეგრელომ სხვა რეგიონებთან შედარებით "ნაციონალურ მოძრაობას" მეტი ხმები მოუტანა". ცინცაძე შენიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი ოქტომბრამდე საქართველოს პრეზიდენტია და - "არა მხოლოდ სამეგრელოსი". 
პრეზიდენტის ინიციატივას რეგიონის მოსახლეობის გულის მოსაგებად გაკეთებულ განცხადებად მიიჩნევს საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდიაც. მისი თქმით, ამ განცხადების სერიოზულ დონეზე შეფასება არ უნდა მოხდეს, რადგან "პრეზიდენტს ახასიათებს ხოლმე ლოკალურ წრეებში გარკვეული ხელოვნური პოზიტივების გამოხატვა".