ლევან კალაძის მკვლელობაში მსჯავრდებული საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს

ლევან კალაძის მკვლელობაში მსჯავრდებული საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს

ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ მისი დაცვის ქვეშ მყოფის, ლევან კალაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ, ლევან ცინცაძის განცხადება საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეიტანა. 
ირმა  ჭკადუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი,  საქმის ხელახლა გამოძიებას მოითხოვს და აღნიშნა, რომ  უკვე მეოთხე დღეა, რაც ცინცაძე შიმშილობს. 
„მას შემდეგ რაც ახალმა ხელისუფლებამ გამოაცხადა,  რომ ყველა ადამიანს, რომელიც მიიჩნევს თავს უკანონოდ მსჯავრდებულად, განცხადება შეეტანა პროკურატურაში, შევიტანეთ დაახლოებით 60-გვერდიანი საჩივარი, თუმცა დღემდე არანაირი რეაგირება არ მოყოლია. როგორც  პროკურატურაში განგვიცხადეს, ამ საქმის ხელახალი გამოძიების დაწყებისთვის ამ ეტაპზე არ არსებობს მექანიზმი“,- განაცხადა ჭკადუამ.

მისივე თქმით, ლევან ცინცაძე ამ სამქეში უდანაშაულოა. 
„ჩვენ უამრავი ახალი მტკიცებულებით მოვითხოვდით ახალი გამოძიების დაწყებას ამ საქმესთან დაკავშირებით, თუმცა არანაირი რეაგირება არ არის. ცინცაძე შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, ვიდრე არ დამტკიცდება, რომ ის უდანაშაულოა და არ ჩატარდება ხელახალი გამოძიება. განსაკუთრებით დიდი ბოდიშის მოხდით ის მიმართავს ლევან კალაძის ძმას, კახი კალაძეს, რომ იქნებ ის მაინც დაინტერესდეს ამ საქმით. ის აცნობიერებს, რომ ოჯახისთვის ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა, მაგრამ მიაჩნია, რომ ოჯახი იმსახურებს, იცოდეს სიმართლე. ის ასევე მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს, პრემიერ-მინისტრს, იუსტიციის მინისტრს, რომ დაინტერესდნენ, თუ ვინ არიან რეალურად ლევან კალაძის მკვლელები“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ. 
ჭკადუამ დღესვე, ცინცაძის განცხადებასთან ერთად, პროკურატურას გადასცა ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის ფილმი.

მისივე თქმით, ამ ფილმში საქმესთან დაკავშირებით საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალებია გახმაურებული.