ზვავსაშიშროების გამო,  გუდაური-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე მოძრაობა აკრძალულია

ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, გზის გაწმენდითი სამუშაოების დასაწყებად მეტეროლოგიური ცენტრის ნებართვას ელოდებიან, რომელშიც აღნიშნული იქნება, რომ გზის ამ მონაკვეთზე ზვავსაშიშროება მოხსნილია. 
ზვავსაშიშროება  ამ ეტაპზე მოხსნილია გუდაურიდან სტეფანწმინდის მიმართულებით მიმავალი გზის მხოლოდ 6 კმ-იან მონაკვეთზე, სადაც გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია. 
თუმცა, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საავტომობილო მოძრაობა აღდგება, რადგან მეტეოროლოგიური ცენტრის მიერ გაცემული ნებართვა გზის თავიდან ბოლომდე გაწმენდის საშუალებას არ იძლევა. 
დიდთოვლობის გამო შეზღუდვები ამ დრომდე მოქმედებს ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ72 მონაკვეთზე (ტყიბული-ამბროლაური), სადაც აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ15-კმ66 (უჯარმა-თელავი) მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.