გიორგი ქელბაქიანს კიდევ ერთი ბრალდება დაემატა

გიორგი ქელბაქიანს კიდევ ერთი ბრალდება დაემატა

კომპანია "ენ სი სი"-ს გენერალურ დირექტორს, გიორგი (გეგი) ქელბაქიანს ახალი ბრალდება დაემატა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი , შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ დეპარტამენტში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ქელბაქიანს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქ/პუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქ/პუნქტით დაემატა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2009 წლის ბოლოს, გიორგი ქელბაქიანმა განიზრახა უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის მიღება და ამ შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა.

"განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, გიორგი ქელბაქიანმა მოქალაქე ბესიკ პაპისმედოვისგან შეიძინა თბილისში, შავი ზღვის ქუჩა #6-სა და #8-ს შორის მდებარე, არასასოფლო-სამეურნეო 160 კვმ მიწის ნაკვეთი. აღნიშნულის თაობაზე, შედგა ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც გიორგი ქელბაქიანმა ნასყიდობის საგნის ღირებულებად ყალბად დააფიქსირა 300 000 აშშ დოლარი, რეალურად კი, ბესიკ პაპისმედოვს გადაუხადა 90 000 აშშ დოლარი, ხოლო შუამავალ რევაზ შავოშვილს - 10 000 აშშ დოლარი. ამ ხერხით, ანუ ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის შედგენის გზით, გიორგი ქელბაქიანმა კანონიერი სახე მისცა უკანონო და დაუსაბუთებელ ქონებას - 200 000 აშშ დოლარის ოდენობით", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ბრალდებული გიორგი ქელბაქიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე გამოძიებას სასამართლოსთვის არ მიუმართავს. საქმეზე წინასასამართლო სხდომა დანიშნულია 2013 წლის 16 იანვარს. სხდომაზე აღნიშნულ საქმესთან ერთად განიხილება ქელბაქიანის მიმართ წარდგენილი წინა ბრალდებაც.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ დეპარტამენტში, 2012 წლის 11 ნოემბერს დაიწყო გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რომლისთვისაც საქართველოს სსკ-ის 194-ე მე-3 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით ბრალდებული არიან შპს ,,ენ სი სი"-ს დირექტორი გიორგი ქელბაქიანი და ამავე კომპანიის ფინანსური დირექტორი არჩილ ჩოგოვაძე. გამოძიების მასალების თანახმად, მათ განიზრახეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია და ამ მიზნით, ისინი წინასწარ შეკავშირდნენ და დროის განსაზღვრულ პერიოდში ჩამოაყალიბეს ორგანიზებული ჯგუფი.

გამოძიების ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო ქონების წარმოშობის წყაროს დამალვის მიზნით, ისინი, ოფიციალური დოკუმენტაციის გაფორმების გარეშე, ზეპირსიტყვიერად შეუთანხმდნენ ფიზიკურ პირ გოჩა დარსაძეს სამუშაოების გარკვეული ნაწილის შესრულებაზე, რომლის უზრუნველყოფად მიღებული თანხის ნაწილს გოჩა დარსაძე უკან დაუბრუნებდა ზემოაღნიშნულ პირებს.

"ფაქტობრივად, 2009-2012 წლებში, შპს "ენ სი სი" -დან ფიზიკურ პირ გოჩა დარსაძესა და მისივე ინიციატივით დაფუძნებულ შპს "გვირაბგამყვანს" გადაურიცხეს 6 624 925 ლარი, საიდანაც დარსაძემ ქელბაქიანს და ჩოგოვაძეს ნაღდი ფულის სახით დაუბრუნა 2 535 546 ლარი. გარდა ზემოაღნიშნულისა, დადგენილია, რომ გიორგი ქელბაქიანი, 2010 წლიდან ქ. თბილისის ტერიტორიაზე განხორციელებული სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოების ჩატარების დროს, შეგნებულად აყალბებდა საანგარიშსწორებო დოკუმენტებს (ფორმა 2) და ითვისებდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ, დიდი ოდენობით ფულად სახსრებს. აღნიშნული ფაქტების ირგვლივ, ასევე მიმდინარეობს გამოძიება და ტარდება თანმხვედრი საგამოძიებო მოქმედებები", - აცხადებენ შსს-ში.