უკრაინულმა სასამართლომ ოლეგ მელნიკოვის ექსტრადიციაზე  უარი განაცხადა

უკრაინულმა სასამართლომ ოლეგ მელნიკოვის ექსტრადიციაზე უარი განაცხადა

უკრაინულმა სასამართლომ საქართველოს შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის, ოლეგ მელნიკოვის ექსტრადიციაზე ქართულ მხარეს ამ ეტაპზე უარი უთხრა. ამის შესახებ   ინფორმაციას მელნიკოვის ადვოკატი  მალხაზ ველიჯანაშვილი ავრცელებს.

მისი თქმით ეს გადაწყვეტილება  უკრაინის სასამართლომ   გუშინ მიიღო.

"გუშინ გაიმართა პროცესი, რომელზეც სასამართლომ მელნიკოვთან დაკავშირებით ქართული მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები საკმარისად არ მიიჩნია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ექსტრადიციის ვადა 16 იანვარს იწურებოდა, გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ კი, გარანტიას გაძლევთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მას თბილისში ვერ ჩამოიყვანს", - აცხადებს  ადვოკატი.

მისი  თქმით, სასამართლომ მელნიკოვს წინასაექსტრადიციო პატიმრობის ვადა 12 თვით გააგრძელა, რა ვადაშიც ქართულ მხარეს შესაძლებლობა აქვს, უკრაინას დამატებითი მტკიცებულებები ისევ გადაუგზავნოს.

"ამ ვადაში შესაძლებელია, რომ ქართულმა მხარემ უკრაინას დამატებითი მტკიცებულებებით მიმართოს, თუმცა ვფიქრობ, ეს რთული იქნება, რადგან საქმეში არსებობს ერთადერთი მტკიცებულება - დაზარალებული მალხაზ აზარაშვილის ჩვენება, რომელიც მხოლოდ ადასტურებს, რომ მელნიკოვი ოთახში იმყოფებოდა, თუმცა არ ამბობს, რომ მას სცემდა. ჩემი აზრით, მელნიკოვის ექსტრადიცია საქართველოში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუკი წინასაექსტრადიციო პატიმრობის ვადაში მელნიკოვთან დაკავშირებით ქართული სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს და მას უკრაინის სასამართლოს გადაუგზავნის", - განაცხადა მელნიკოვის ადვოკატმა.

შეგახსენებთ, ოლეგ მელნიკოვი 7 დეკემბერს უკრაინაში, კიევში საქართველოს ინტერპოლიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს