ნადირაშვილი  ალეკო ქავთარაძის დახვრეტის მცდელობაში მონაწილე პოლიციელების დასჯას მოითხოვს

ნადირაშვილი ალეკო ქავთარაძის დახვრეტის მცდელობაში მონაწილე პოლიციელების დასჯას მოითხოვს

 საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი მოითხოვს, დაისაჯონ პოლიციელები, რომლებიც 37 წლის ალეკო ქავთარაძის დახვრეტის მცდელობაში მონაწილეობდნენ.

ამის შესახებ ნადირაშვილმა გაზეთ “პრაიმ-ტაიმის” პრეს-კლუბში ისაუბრა. მისი თქმით, საქმე ეხება ვანის რაიონში   ერთი თვის წინ მომხდარი ინციდენტს.

„საქმე ეხება, ვანის პოლიციაში მომხდარ დანაშაულს, რომელიც პოლიციელებმა ჩაიდინეს. 37 წლის ალეკო ქავთარაძე ვანის პოლიცის უფროსის მოადგილემ ლევან გეგენაშვილმა დაიბარა დაკითხვაზე, ყოველგვარი სტატუსის გარეშე 8 საათის განმავლობაში ცდილობდნენ მისგან მიეღოთ ინფორმაცია ერთ-ერთ ადამიანზე. მასზე მიმდინარეობდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, ამ გზით ჩვენების მიღება ვერ მოახერხეს, შედეგ ვანის პოლიციის უფროსის მოადგილემ ორ თანამშრომელთან ერთად ქავთარაძე პოლიციის მანქანაში ჩასვეს და ტყეში წაიყვანეს, სადაც ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს. შემდეგ უნდოდათ დანაშაულის მიჩქმალვა, ამიტომ ერთ-ერთ კერძო ექიმთან სახლში გადაიყვანეს. ექიმმა განაცხადა, რომ დახმარებას ვერ აღმოუჩენდა, შემდეგ უკვე გადაიყვანეს ქუთაისის ავტოქარხნის საავადმყოფოში, საიდანაც ექიმმა ფუტკარაძემ პოლიციის განყოფილებაში გაგზავნა შეტყობინება ქავთარაძის დაჭრის შესახებ. აღნიშნულის შესახებ უკვე ცნობილია შს მინისტრისთვის, გენპროკურორისთვის, ასევე იუსტიციის მინისტრისთვის, ეს არის ადამიანის დახვრეტის მცდელობა”, - განაცხადა ნადირაშვილმა და დასძინა, რომ მოსწონს თუ არა თეა წულუკიანს და მამამისს, რომ საქართველოში დახვრეტა გაუქმებულია, ეს მუხლი აღარ არსებობს.