ბერძენიშვილი: ვეცდებით, რომ ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით, „იუნესკოს“ პოზიციები შერბილდეს

ბერძენიშვილი: ვეცდებით, რომ ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით, „იუნესკოს“ პოზიციები შერბილდეს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის შეფასებით, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადარჩენაში „იუნესკოს“ ბევრი ფული აქვს ჩადებული და წინა ხელისუფლება „იუნესკოს“ ფულით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს საფრთხეს უქმნიდა.

როგორც ბაგრატის ტაძრის გარშემო არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „მაესტროს“ პრესკლუბში სტუმრობისას ბერძენიშვილმა განაცხადა, წლების განმავლობაში,   სპეციალისტები ამბობდნენ, რომ ბაგრატის ტაძარს საფრთხე ემუქრებოდა, რომ  „იუნესკოს“ ნუსხიდან ამოსულიყო, თუმცა, ხელისუფლებამ არავის აზრი არ გაითვალისწინა.

დეპუტატის შეფასებით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ბაგრატის ტაძართან დაკავშირებით, მიღებული გადაწყვეტილებაა.

„ის ე.წ. რეკონსტრუქცია, რაც მიმდინარეობდა „იუნესკოს“ სტანდარტებს ეწინააღმდეგოებოდა და საქართველოს წინა ხელისუფლებამ ბაგრატის ტაძარს ის სახე მისცა, რომელიც რთულია იმ დროინდელი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად წარმოიდგინო. ვეცდებით, რომ „იუნესკოს“ პოზიციები შერბილდეს.  საფრთხის ქვეშ იყო მცხეთაც და სხვათაშორის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადარჩენაში, „იუნესკოს“  ბევრი ფული აქვს ჩადებული,  წინა ხელისუფლება კი, „იუნესკოს“ ფულით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს საფრთხეს უქმნიდა“, - განაცხადა დეპუტატმა.