კათოლიკოს-პატრიარქი  საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს საპატრიარქოს რეზიდენციაში  მიიღებს

კათოლიკოს-პატრიარქი საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს საპატრიარქოს რეზიდენციაში მიიღებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს, 12.00 საათზე, საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღებს. 

საპატრიარქოს ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის ინტრონიზაციის 35 წლისთავისა და დაბადებიდან 80 წლის საიუბილეო თარიღების აღსანიშნავად, 10-დან 14 იანვრამდე ჩატარდება საზეიმო ღონისძიებები,  რომლებზეც მოწვეულები არიან უცხოელი სტუმრები.

სტუმრებს შორის არიან მაღალი იერარქები კონსტანტინოპოლის, იერუსალიმის, ანტიოქიის, ალექსანდრიის, სერბეთის, რუსეთის და სხვა საპატრიარქოებიდან. კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისთვის მისალოცად მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომე პირველი ჩამობრძანდება.

11 იანვარს, 10:00 საათზე, საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ერთდღიანი სამეცნიერო კონფერენცია დაიწყება. იმავე დღეს სტუმრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს და პრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილს შეხვდებიან.

11 იანვარს,  20:00 საათზე, სტუმრები დაესწრებიან საზეიმო კონცერტს, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის ინტრონიზაციის 35 წლისთავისა და დაბადებიდან 80 წლის საიუბილეო თარიღებს ეძღვნება.

12 იანვარს სტუმრები მოილოცავენ დავით-გარეჯის, შიომღვიმისა და ბოდბის მონასტრებს.

13 იანვარს, 10:00 საათზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უცხოელი იერარქების თანამწირველობით ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საზეიმო წირვას აღავლენს.

უცხოელი სტუმრები საქართველოდან 14 იანვარს გაემგზავრებიან.