რიჩარდ ნორლანდი - აშშ  საქართველოს სტაბილურობისა  და ეკონომიკურ განვითარების მიღწევაში დაეხმარება

რიჩარდ ნორლანდი - აშშ საქართველოს სტაბილურობისა და ეკონომიკურ განვითარების მიღწევაში დაეხმარება

აშშ დაეხმარება საქართველოს, რომ მიაღწიოს სტაბილურობას და ეკონომიკურ განვითარებას , რომელიც ქვეყნისთვის ასე საჭიროა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ საახალწლო მიღებაზე განუცხადა.

ნორლანდი იმედოვნებს, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობის თვალსაზრისით აქტიური წელიწადი იქნება და პარტნიორობა გაღრმავდება.

"ძალიან სასიამოვნოა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოაწყო ასეთი მიღება დიპლომატიური კორპუსისათვის. ვფიქრობ, სრულიად ბუნებრივია, რომ წელიწადის ამ დროს, როცა ახალი პოლიტიკური სეზონი იწყება, საქართველოს მთავრობა აცხადებს საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, რომ ის კვლავაც მზად არის მათთან თანამშრომლობისთვის და პროგრესის მისაღწევად იმ საკითხებში, რომლებიც ჩვენ გვაინტერესებს", - აღნიშნა ნორლანდმა.

ელჩი ასევე გამოეხმაურა პარასკევს პარლამენტის თავმჯდომარესთან დაგეგმილ შეხვედრას. "დავით უსუფაშვილმა პარასკევს დიპლომატიური კორპუსი შეხვედრაზე მიგვიწვია. ჩვენ არ ვიცით ზუსტად, რა საკითხზე იქნება საუბარი, მაგრამ ვფიქრობ, ეს უკავშირდება პარლამენტში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. ჩვენ, დიპლომატები, ყოველთვის მზად ვართ დავესწროთ ამგვარ შეხვედრებს. მოუთმენლად ველი, თუ რას იტყვის პარლამენტის სპიკერი შეხვედრაზე", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.