ქვემო-ქართლელმა ჩინოვნიკებმა მერაბიშვილი პრეზიდენტივით მიიღეს

ქვემო-ქართლელმა ჩინოვნიკებმა მერაბიშვილი პრეზიდენტივით მიიღეს

რუსთავქალაქობის მოსალოცად ბოლო ორი დღის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით ჩამოდიოდნენ მინისტრები და უცხოური დელეგაციის წარმომადგენლები. სტუმრებს, პირველ რიგში, რუსთავის მერიის წინ მდებარე რეაბილიტირებულ მოედანს  აჩვენებდნენ.  

თუმცა, ცოტა მათგანი თუ ხვდებოდა, რომ მოედნის ნაწილი კვლავ სარეაბილიტაციო იყო. კომპანიები, რომლებმაც ვალდებულება აიღეს, 15 ოქტომბრამდე დაესრულებინათ მოედნის რეკონსტრუქცია, დროში ვერ ჩაეტივნენ. ვერ მოესწრო კერამიკის ფილების სრულად დაგება და საავტომობილო გზისგან გამყოფი მონაკვეთის მოწყობა.

ასევე, მიუხედავად იმისა, რომ რუსთავის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი ერთი თვის წინ, მერიის წინ 3D შადრევანის გაკეთებაზე გვესაუბრებოდა, პროექტიდან შადრევანი საერთოდ ამოვარდა.

ადგილობრივი საჯარო მოხელეები არ აპროტესტებენ მოსაზრებას, რომ ამ ეტაპზე ძველი რუსთავის რებილიტაციის პროექტი დასრულებული არ არის. თუმცა,  ქალაქში ჩამოსული სტუმრები რუსთავის ,,აღმშენებლობით” კმაყოფილები იყვნენ.

„საყოველთაო აღფრთოვანება” 16 ოქტომბერს, რუსთავში ჩამოსულმა შსს მინისტრმაც გაიზიარა. „საქართველოში დადგა დრო, როცა ყველას შეგვიძლია ხალისით აღვნიშნოთ ყველა დღესასწაული, რადგან ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია შრომაც, ბრძოლაც და დასვენებაც” – განაცხადა მერაბიშვილმა.

მერაბიშვილს მასპინძლობას დავით კირკიტაძე უწევდა. ერთი შეხედვით მხიარულ განწყობაზე მყოფი გუბერნატორი, ნერვიულობისგან დროდადრო მერაბიშვილის დაცვის ფუნქციასაც ასრულებდა.

„რატომ გამოგვყევი?! ვინ გითხრა, რომ შეიძლება აქეთ წამოსვლა?!” – გაგვინაწყენდა გუბერნატორი, როდესაც მერაბიშვილს მერიის შენაში შევყევით. კირკიტაძე მერაბიშვილის დაცვის ფუნქციას დიდი მონდომებით ასრულებდა და გვიპროტესტებდა იმ ქმედებებს, რომელზეც თავად მინისტრის დაცვას არავითარი რეაქცია ჰქონდა.

შსს-ს მინისტრს რუსთავში ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსნები, რაიონების გამგებლები და საკრებულოს ხელმძღვანელებიც დახვდნენ.

რუსთავქალაქობის ფარგლებში, კოსტავას ქუჩაზე ყველა რაიონს თავისი სუფრა ჰქონდა გაშლილი. მერაბიშვილიც, ცხადია, მიიპატიჟეს. მინისტრმა გარდაბანს და მარნეულს არ აწყენინა და მათი სუფრიდან ღვინო, ჩაი და მწვადი მიირთვა. კომბინაცია არასახარბიელო იყო, თუმცა ვიდეოკამერების თანხლებით სხვა მენიუს არჩევა ვერ მოახერხა.

ვანო მერაბიშვილს ფეხდაფეხ დაყვებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, აჩვენებდნენ ქალაქში ასაშენებელი ობიექტების პროექტებს. სიტყვის ჩაგდებას ყველა ცდილობდა. მინისტრმა კი, ჩათვლა, რომ ამ საუბრებზე საინტერესო საქმე ჰქონდა და ერთ-ერთი შენობის სადარბაზოს შეაფარა თავი.

აღმოჩნდა, რომ მერაბიშვილს  მნიშვნელოვანი ზარი ქონდა გასაკეთებელი და საუბარი არ ისურვა ქვემო ქართლის, თუნდაც ფრიად კეთილგანწყობილი ჩინოვნიკების ამალის თანხლებით.

სადარბაზოდან გამოსვლის შემდეგ მას, მოთმინებით მოუწია იმ ოთხივე შენობის ფასადის დათვალიერება, რომელიც რუსთავში ახალი შეღებილია. სტუმარი მოედნის შუაგულამდე გაიყვანეს, სადაც კერამიკის ფილების დაგება მოესწრო და შემდეგ მერიის შენობაში შეიპატიჟეს.

მერაბიშვილმა რუსთავი ერთ საათში დატოვა. მისი წასვლის შემდეგ ხალისიანი და ბედნიერი იყო დავით კირკიტაძე. კაცი იფიქრებდა, ერთი ჭირი მოიშორაო.

გახალისებული გუბერნატორი ჯერ ადგილობრივი პოლიციელებს გადაეხვია, შემდეგ კი ქვემო ქართლის ტელევიზიის ჟურნალისტი მოედანზე ვალსის საცეკვაოდ გამოიწვია. კოლეგების თვალწინ აბზრიალა. დანარჩენ ჟურნალისტებს კი უხალისოდ დგომისთვის უსაყვედურა.