პეტრიაშვილი: ვიმედოვნებთ, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე მოლაპარაკებების პირველ ეტაპს ვილნიუსის სამიტამდე დავასრულებთ

პეტრიაშვილი: ვიმედოვნებთ, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე მოლაპარაკებების პირველ ეტაპს ვილნიუსის სამიტამდე დავასრულებთ

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების პირველი ეტაპის დასრულებას ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე იმედოვნებს.

პეტრიაშვილმა დღეს საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს განახლებულ შემადგენლობასთან შეხვედრისას იმედი გამოთქვა, აღნიშნული მოლაპარაკებები მომავალი წლის იანვარში დაიწყება.

„მრჩეველთა საბჭო ადრეც არსებობდა, მაგრამ განახლებული შემადგენლობით დღეს პირველად გაიმართა. ძირითადად განხილული იყო ის პრიორიტეტები, რომელიც არის ჩვენი ხელისუფლების წინაშე. განსაკუთრებით მომავალ წელს, ევროკავშირთან მიმართებაში. ეს არის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დასრულება. მათ შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ მოლაპარაკებების დასრულება. იქ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი, რომლის საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანია. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ვიმედოვნებთ, რომ ვილნიუსის სამიტამდე, რომელიც 2013 წლის ნოემბერშია დაგეგმილი, დავასრულებთ მოლაპარაკებების პირველ ეტაპს. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობას, ვინაიდან მათი რჩევები და რეკომენდაციები ჩვენთვის ძალიან ღირებულია. ასეთი შეხვედრები მომავალშიც ძალიან ინტენსიურად წარიმართება, ვინაიდან თვითონ ევროკავშირი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას" - განაცხადა პეტრიაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებში, შემდეგი შემადგენლობით დაკომპლექტდა: კახა გოგოლაშვილი, ირაკლი მენაღარიშვილი, ნათელა სახოკია, ია თიკანაძე, ლაშა ტუღუში, კახა კოჟორიძე, ნინო ლეჟავა, ეკა გიგაური, მერაბ კაკულია, გია ნოდია, სოსო ცისკარიშვილი, ქეთევან ვაშაკიძე, ნინო დანელია, მანანა ქოჩლაძე, თენგიზ ფხალაძე, ოლღა დოროხინა, ნინო ლომჯარია, სერგი კაპანაძე, ია ანთაძე, მაკა ჯახუა, ნინო ელიზბარაშვილი, ოლეგ შატბერაშვილი, თამარ პატარაია, ლია თოდუა, სოფიო ახობაძე, თემურ ვეკუა, ქეთევან ჩაჩავა, ივანე ჩხიკვაძე, მარინა სოლომონიშვილი, თამარ ხუნწარია, ლევან ასათიანი, გიორგი ხუციშვილი და ირაკლი ტაბლიაშვილი.