ეკა ბესელია: ზურაბ ადეიშვილს საქართველოში დაბრუნების გამბედაობა არ ეყოფა

ეკა ბესელია: ზურაბ ადეიშვილს საქართველოში დაბრუნების გამბედაობა არ ეყოფა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს საქართველოში დაბრუნების გამბედაობა არ ეყოფა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ეკა ბესელიამ დღეს, for.ge - ის პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.

ბესელიას განცხადებით, ძნელად წარმოსადგენია ისაუბრო წინა ხელისუფლების სისტემის სამართლიანობაზე, როდესაც იუსტიციის მინისტრი და მთავარი პროკურორი ქვეყნიდან გაქცეულია.

მისი თქმით,  მას ციხის ყოფილმა მაღალჩინოსანმა აცნობა, რომ ზურაბ ადეიშვილის დავალებით შემუშავდა სცენარი, რომლის მიხედვითაც ციხეში პატიმრების მიმართ, არაადამიანური მოპყრობა თამაზ თამაზაშვილს უნდა დაბრალდებოდა.

„ციხეში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით, ერთ ისტორიას მოვყვები, რომელზეც საჯაროდ არ მისაუბრია. იმ ცნობილ კადრებთან დაკავშირებით, რომელიც ციხეში წამების, გაუპატიურების და საშინელ ძალადობრივ დანაშაულებებს ეხებოდა, დაკავებული იყო რამდენიმე საჯარო მოხელე, მათ შორის ციხის ყოფილი ხელმძღვანელები. დაახლოებით, ერთი თვის წინ შევხვდი ციხის ერთ-ერთ ყოფილ უფროსს, რომელიც იმ პერიოდში იყო საპყრობილის დირექტორი. მან მიამბო, როგორ ხდებოდა ადეიშვილის მხრიდან ფალსიფიცირებულ მასალებზე დამყარებული სცენარის დაგეგმვა. ის უშუალოდ ავალებდა კონკრეტულ პიროვნებებს როგორ უნდა განხორციელებულიყო ეს სცენარი ციხეში, დადგმულიყო კადრები წამების და არაადამიანური მოპყრობის, რომელიც უნდა დაბრალებოდა ბატონ თამაზაშვილს. ვისაც უშუალოდ დაავალა ადეიშვილმა ეს, სწორედ იმ ადამიანისგან მაქვს ეს ინფორმაცია მიღებული. მე ეს ფაქტი ბუნებრივია მივაწოდე შესაბამის სამსახურებს, რომლებმაც დაკითხეს ეს ადამიანი და მგონი, რამდენიმე ჩვენებაც გახდა უკვე ცნობილი.

ეს ერთ-ერთი მძიმე შემთხვევაა, როდესაც ადეიშვილი ცდილობდა თამაზ თამაზაშვილისთვის და „ქართული ოცნებისთვის“ დაებრალებინა ის, რაც ხდებოდა ციხეებში. ეს ერთ-ერთია, მაგრამ არსებობს კიდევ ბევრი სხვა ფაქტი“, - განაცხადა ბესელიამ.