ეკა ბესელია პრეზიდენტს ამნისტიის კანონპროექტზე დროულად ხელმოწერისკენ მოუწოდებს

ეკა ბესელია პრეზიდენტს ამნისტიის კანონპროექტზე დროულად ხელმოწერისკენ მოუწოდებს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე,  ეკა ბესელია საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს  ამნისტიის კანონპროექტზე დროულად ხელმოწერისკენ მოუწოდებს.

ბესელიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილმა ამნისტიის კანონპროექტს ხელი არ მოაწერა და მისი აღსრულება შეაფერხა, პარლამენტს აქვს ბერკეტი ეს კანონპროექტი მაინც აამოქმედოს.

აღნიშნულის შესახებ, ეკა ბესელიამ დღეს, for.ge -ის პრესკლუბში სტუმრობისას ისაუბრა.

„ამნისტიის კანონი პარლამენტმა მიიღო. კენჭისყრის დროს, მას  არცერთი მოწინააღმდეგე პარლამენტში არ ჰყავდა.  ამნისტიის კანონის აღსრულებას  ათასობით ადამიანი ელოდება და მინდა, მივმართო მიხეილ სააკაშვილს ამნისტიის აღსრულების პროცესი არ შეაფერხოს. ამ კანონის შეჩერების არანაირი საფუძველი არ არსებობს და ნებისმიერი ქმედება, რაც ხელს შეუშლის ამ კანონის აღსრულებას, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იქნება.  ეს იმას ნიშნავს,  რომ ქვეყნის პირველი პირი ადამიანების გათავისუფლების პროცესს ხელს უშლის. მოგეხსენებათ, ამ ამნისტიის კანონით,  პოლიტპატიმრებიც თავისუფლდებიან,  თავისუფლდება ასევე ყველა ის პირი, ვისაც  ამნისტია შეეხო ხოლო დანარჩენებს ვისაც სრული გათავისუფლება არ შეეხოთ, მათ სასჯელი შეუმსუბუქდებათ. ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტით არცერთი პატიმარი არ რჩება, ვისაც სასჯელი არ შეუმსუბუქდება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, პარლამენტი მზადაა ნებისმიერი წინაღობა დაძლიოს“, - განაცხადა ბესელიამ.

ბესელიას თქმით, პარლამენტის მიერ, კანონპროექტის მიღებიდან 7 დღის ვადაში ის პრეზიდენტს უნდა გადაეგზავნოს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამნისტიის კანონი სააკაშვილისთვის უკვე გადაგზავნილია.

 ამის შემდეგ, უკვე პრეზიდენტმა 10 დღის ვადაში უნდა მოაწეროს ხელი კანონპროექტს და უნდა გამოქვეყნდეს.

„კანონის გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში, საპატიმროებს პოლიტპატიმრები დატოვებენ, ხოლო ხოლო ორი თვეა მაქსიმალური ვადა, როცა ამნისტიის აღსრულება უნდა მოხდეს დანარჩენი პატიმრების მიმართ“,- განაცხადა ბესელიამ.