პანამიდან ქართველი მეზღვაურების ნაწილი საქართველოში დღეს ჩამოდის

პანამიდან ქართველი მეზღვაურების ნაწილი საქართველოში დღეს ჩამოდის

პანამიდან ქართველი მეზღვაურების ნაწილი დღეს ჩამოდის. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეო უწყების კოორდინაციითა და მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს აქტიური ჩართულობის შედეგად, პანამის რესპუბლიკის პორტ ბალბოასთან სარეიდო სადგომზე მყოფ, სენტ კიტსის და ნევისის დროშის ქვეშ მცურავ გემ Maria del Carmen 2-ის ეკიპაჟის ქართველი წევრები სამშობლოში დაბრუნდებიან.

ქართველი მეზღვაურები სამშობლოში ორ ეტაპად ჩამოვლენ. პირველი ნაკადი, კერძოდ სამი  მეზღვაური საქართველოში დღეს ჩამოვა. მათი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 17:25 საათზე დაეშვება. მათ აეროპორტში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი დახვდება.

რაც შეეხება მეორე ნაკადს, რომელშიც 9 მეზღვაური შედის, ისინი 26 დეკემბერს სტამბოლიდან ბათუმში ჩავლენ.

12 ქართველი მეზღვაურის პანამიდან-სტამბოლამდე მგზავრობის ხარჯებს ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ორგანიზაცია (ITF) ფარავს, ხოლო სტამბოლიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით მგზავრობის ხარჯები საქართველოს ხელისუფლებამ გაიღო.

2012 წლის 3 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შევიდა ინფორმაცია პანამის რესპუბლიკის პორტ ბალბოასთან სარეიდო სადგომზე მყოფ, სენტ კიტსის და ნევისის დროშის ქვეშ მცურავ გემ "Maria del Carmen 2"-თან დაკავშირებით არსებული პრობლემური ვითარების შესახებ, რომლის ეკიპაჟის შემადგენლობაში იმყოფებოდა საქართველოს 12 მოქალაქე.

კაპიტნის განმარტებით, გემი 3 თვეზე მეტ ხანს იმყოფებოდა სარეიდო სადგომზე საწვავის მარაგის გარეშე. გემთმფლობელი ნიგერიული კომპანია Crest International Servisces ltd - სგან ეკიპაჟის მიმართ არსებობდა 4 თვის სახელფასო დავალიანება და ეკიპაჟს ჰქონდა 3 დღის სამყოფი საკვები პროდუქტებისა და სასმელი წყლის მარაგი.

აღნიშნულიდან გამომდინარე გემზე მყოფი ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ გაუსაძლის პირობებში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხსენებული საკითხის ადგილზე გარკვევისა და მეზღვაურებისათვის დახმარების აღმოჩენის მიზნით, სამსახურებრივი მივლინებით პანამის რესპუბლიკაში მიავლინა მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, რომელმაც მოლაპარაკებები აწარმოა, როგორც გემთფლობელ კომპანიასთან, ისე გემის ეკიპაჟთან და ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ITF).