დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დოკუმენტაციის გაყალბების საკითხზე, ვანო მერაბიშვილიც დაიკითხება

დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დოკუმენტაციის გაყალბების საკითხზე, ვანო მერაბიშვილიც დაიკითხება

მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, საგადასახადო შეთანხმების მიზნით, დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დოკუმენტაციის გაყალბების საკითხზე, ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილიც დაიკითხება. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე  განმარტებით, გავრცელებული აუდიოჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მერაბიშვილი საქმის შესახებ ინფორმირებულია.

„ეს ადამიანი ინფორმირებულობას ამჟღავნებს თემასთან დაკავშირებით, კანონი კი ამბობს, რომ გამოკითხული უნდა იყოს ყველა პირი, ვინც იცის საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოება. ამიტომ ლოგიკურია, რომ ვანო მერაბიშვილი მოცემულ საქმეზე იქნება დაკითხული" - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა და აქვე განმარტა, რომ თუ როდის მოხდება მერაბიშვილის დაკითხვაზე დაბარება, პროკურორი განსაზღვრავს.

რაც შეეხება აღნიშნულ საქმესთან გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებს, კბილაშვილის განმარტებით, არსებობს სასამართლოს ორი ბრძანება. ერთით ის განხორციელებულ ჩანაწერებს აკანონებს, მეორეთი კი, ახალი ჩანაწერებისთვის დამატებით დროს განსაზღვრავს.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გასულ კვირას ექვსი პირი დააკავა, მათ შორის ენერგეტიკისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, იუსტიციისა და განათლების უწყებების ყოფილი ხელმძღვანელი, „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, „თელასის” გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია.