არჩილ კბილაშვილი: არ გამოვრიცხავ, ბედუკაძის ბრალდებასთან დაკავშირებით ცვლილებები განხორციელდეს

არჩილ კბილაშვილი: არ გამოვრიცხავ, ბედუკაძის ბრალდებასთან დაკავშირებით ცვლილებები განხორციელდეს

არ გამოვრიცხავ, რომ ვლადიმერ ბედუკაძის ბრალდებასთან დაკავშირებით იყოს ცვლილებები, მაგრამ დღესდღეობით მოცემულობა იგივეა  - ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ბედუკაძის სტატუსი ამ ეტაპზე არის ის, რაც მას წინა ხელისუფლების დროს განესაზღვრა – ბედუკაძე არის ბრალდებული და მასზე ძებნაა გამოცხადებული" - განაცხადა კბილაშვილმა.

რაც შეეხება უკრაინაში დაკავებულ საქართველოს შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის, ოლეგ მელნიკოვის საქართველოში ექსტრადირების საკითხს, კბილაშვილის თქმით, უკრაინული მხარე ახორციელებს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ვერც დააჩქარებს და ვერც შეაფერხებს.

მან დეპუტატ გივი თარგამაძის შესახებაც ისაუბრა, რომელსაც რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები არეულობის ორგანიზებასთან დაკავშირებით ედავებიან.

„თუ მივიღებთ შესაბამის შუამდგომლობას, რომ გივი თარგამაძე მოწმის სახით იყოს დაკითხული, ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად – ჩვენ საკითხს მივუდგებით სამართლებრივად და არა პოლიტიკურად. თუმცა, რაც შეეხება ექსტრადაციას, ეს საკითხი არ დგას – კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნისთვის ექსტრადაციას არ ითვალისწინებს" - აღნიშნა კბილაშვილმა.