პატრიარქი: ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გადააფაროს კალთა საქართველოს და ვერავითარი მტერი მას ვერ დაამარცხებს

პატრიარქი: ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გადააფაროს კალთა საქართველოს და ვერავითარი მტერი მას ვერ დაამარცხებს

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გადააფაროს კალთა საქართველოს და ვერავითარი მტერი ვერ დაამარცხებს მას - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.

ქადაგებამდე ტაძარში საღმრთო ლიტურგია შესრულდა, რომლის შემდეგ, უწმინდესს აღსაყდრების 35 წლისთავთან დაკავშირებით წმინდა სინოდის უმაღლესი ჯილდო, წმინდა გიორგის ოქროს ორდენი გადაეცა.

ორდენი პატრიარქს მეუფე იოანე გამრეკელმა გადასცა. მან ვრცელი სიტყვით მიმართა უწმინდესს, პატრიარქის ღვაწლზე, პიროვნულ თვისებებზე ისაუბრა და მისი მოღვაწეობა შეაჯამა. მეუფემ აღნიშნა, რომ პატრიარქის დამსახურებაა საქართველოში უამრავი ტაძრის აღდგენა და განახლება. უწმინდესს მეუფე კალისტრატემაც მიმართა და საჩუქრად 115 ვარდი გადასცა იმის სიმბოლოდ, რომ დღეს ილია მეორის აღსაყდრებიდან 35, 4 იანვარს კი, მისი დაბადებიდან 80 წელი სრულდება.

ამის შემდეგ პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა. უწმინდესმა მადლობა გადაუხადა უფალს, რომ 35 წელი შეაძლებინა მძიმე ჯვრის ტარება. მან ბრძანა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში სულიწმინდა მასთან და საქართველოსთან იყო.

ამასთან, უწმინდესმა მიმართა ტაძარში მყოფ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს. პატრიარქმა ბრძანა, რომ მათ დიდი დამსახურება აქვთ ერის წინაშე და დალოცა ისინი. ილია მეორემ პრეზიდენტსა და პრემიერს უსურვა, რომ მათთან ღვთის წყალობა სუფევდეს მათ და აკეთებდნენ საქმეს, რომელიც სათნოა ღვისასთვის.

„საქართველოს დაღუპვა არ უწერია. საქართველო გაბრწყინდება. საქართველო არის ყოვლადმწინდა ღვთისმშობლის წილხვედრი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გადააფაროს კალთა საქართველოს და ვერავითარი მტერი ვერ დაამარცხებს მას" - ბრძანა უწმინდესმა ქადაგების დასასრულს.