გიგი უგულავა: თბილისში რეგისტირებული  აბონენტები მერიისგან 100-ლარიან კომუნალურ ვაუჩერს მიიღებენ

გიგი უგულავა: თბილისში რეგისტირებული აბონენტები მერიისგან 100-ლარიან კომუნალურ ვაუჩერს მიიღებენ

თბილისის მერის, გიგი უგულავას განცხადებით, წლის ყველაზე ცივ თვეებში თბილისელები მერიის კომუნალური ვაუჩერით ელექტროენერგიის გადასახადზე თითქმის 2.5-ჯერ მეტ შეღავათს მიიღებენ, ვიდრე საქართველოს მთავრობის ტარიფების შემცირების ინიციატივით არის განსაზღვრული.

უგულავას განცხადებით, 2013 წლის თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით,  თბილისში რეგისტირებული თითოეული აბონენტი მერიისგან 100-ლარიან კომუნალურ ვაუჩერს მიიღებს. მერის განცხადებით, სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთაც 70 000-მდე სარეიტინგო ქულა აქვთ მინიჭებული, 250-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, 5 თვის განმავლობაში, თითოეულ ოჯახს სააბონენტო ანგარიშზე 20 ლარი დაერიცხება, საიდანაც 8 ლარითა და 45 თეთრით ელექტროენერგიის გადასახადი დაიფარება.

უგულავას განცხადებით, შესაბამისად, წლის ყველაზე ცივ თვეებში თბილისელები მერიის კომუნალური ვაუჩერით ელექტროენერგიის გადასახადზე თითქმის 2.5-ჯერ მეტ შეღავათს მიიღებენ, ვიდრე საქართველოს მთავრობის ტარიფების შემცირების ინიციატივით არის განსაზღვრული.

„საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივით, ოჯახები რომლებიც თვეში 300 კვტ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, საწყის ეტაპზე, მხოლოდ 3 თვის განმავლობაში, 3 ლარით და 54 თეთრით ნაკლებს გადაიხდიან. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებაზე არ შეეხება თბილისში მცხოვრებ იმ 50 000 ოჯახს, რომლებიც ე.წ. მე-3 კატეგორიის გადამხდელებს მიეკუთვნებიან“,- განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, თბილისში მცხოვრებ იმ 40 000-ზე მეტ სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 არ აღემატება, კომუნალური გადასახადების დასაფარად სააბონენტო ანგარიშზე ასევე 100 ლარი დაერიცხებათ. ამასთანავე პირად ანგარიშზე ისინი წლის განმავლობაში დამატებით 150 ლარს მიიღებენ.

მერიის კომუნალური ვაუჩერი 8 ლარის და 40 თეთრის თანაგადახდას დასუფთავების გადასახადზე, ხოლო ოჯახის ერთ წევრზე წყლის ტარიფის ანაზღაურებასაც ითვალისწინებს.

მერის განცხადებით, ყველაფერ ამასთან ერთად, ძალაში რჩება ზამთრის პერიოდში დასუფთავების ტარიფის განახევრების შესახებ, საკრებულოს მიერ გასულ თვეს მიღებული გადაწყვეტილება.